LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

170
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 13:40 საათზე დაიწყება და 24:00 საათამდე გასტანს. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეთათვის.

ცის კაბადონზე გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი დღეიდან ხდება დირექტული, ანუ სწორმავალი კირჩხიბის ზოდიაქოში. ეს მოვლენა ხელს შეუწყობს წარმატებებს, ახალი კანონების მიღებასა და განხორციელებას, მგზავრობას, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტებს და იდეების რეალიზაციას. ასევე მოსალოდნელია ტურიზმისა და საგანმანათლებლო სისტემის განვითარება, უცხო ენების უფრო ადვილად ათვისება, ოპტიმიზმის გაძლიერება, სპორტული მიღწევები და ვარჯიშები. გაუმჯობესდება საოჯახო და ნათესაური კონტაქტები, მეტად განვითარდება ისტორიული და ეთნოგრაფიული მეცნიერებები. გაიზრდება ინტერესი ხელოვნებისა და ეზოთერული საკითხების მიმართ. იუპიტერის გამართული მდგომარეობა მიზნების მიღწევას უფრო რეალურს გახდის.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს შესაძლოა მოიმატოს გაღიზიანებადობამ, რაც ურთიერთობებში დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს.

ჯანმრთელობა – ეფექტურია ფილტვების, ბრონქების, მეტყველების ორგანოებისა და ხელების მკურნალობა, ასევე მასაჟი. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი და საზარდული. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციები ან სხვა სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ არის სასურველი მშენებლობა და სისხლის გადასხმა. დღე ხელსაყრელია პრეზენტაციებისთვის, ხელშეკრულებების დასადებად და ტურიზმისთვის. ხელს უწყობს სპორტულ ღონისძიებებსა და ვარჯიშებს. შესაძლებელია პოზიციის შეცვლა სოციუმში. ახალი ბიზნესის დაწყება არ არის რეკომენდებული. მოერიდეთ ზედმეტ აზარტს და იმოქმედეთ გეგმაზომიერად. სასიკეთოა სამართლებრივი საკითხების მოგვარება.

დღის მინერალები და ფერები – ფირუზი, ნეფრიტი, ამეთვისტო, ქარვა და საფირონი დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს. ფერებიდან სასიკეთოა წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ლომისა და სასწორის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია კუროს, მორიელისა და თხის რქის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები