დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო საღამოს, რადგან ახალმთვარეობა პიკს აღწევს 23:53 საათზე, საიდანაც იწყება მთვარის პირველი ფაზა. დღეს მზისა და მთვარის ენერგიები ერთიანდება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. ეს ასტროლოგიური მოვლენა ხელს უწყობს კონფლიქტების გამწვავებას, აგრესიისა და დეპრესიული ფონის გაძლიერებას, სხვადასხვა ცდუნებებისა და შეცდომების ალბათობის ზრდას. ასეთ დღეებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკიც უფრო მაღალია და ნეგატიური მოვლენები უფრო მკვეთრად იჩენს თავს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ცვლილებაა ის, რომ სიყვარულის, სილამაზისა და ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა დღეიდან 11 თებერვლამდე გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. ამ პერიოდში პარტნიორულ ურთიერთობებში გაძლიერდება თავისუფლებისკენ სწრაფვა, სპონტანურობა, იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული ქცევები და სიახლეებისადმი მიდრეკილება. ამავდროულად შეიძლება გამოვლინდეს სიჯიუტეც, რაც ურთიერთობებში გასათვალისწინებელია.
დღის რეკომენდაციები – ნუ იჩქარებთ, დაასრულეთ ძველი საქმეები და ახალს ნუ დაიწყებთ. ახალმთვარეობა მძიმე კოსმიური ენერგიების დღეა, ამიტომ არ აყვეთ პროვოკაციებს და არ გადაიღალოთ. ეცადეთ დღე მშვიდად გაატაროთ, მოერიდეთ კამათს, ილოცეთ და დალოცეთ გარშემომყოფები. არ არის სასურველი ფულის სესხება ან გასესხება, მოლაპარაკებების წარმოება, რადგან მათი უმრავლესობა მომავალში შედეგს ვერ გამოიღებს. მოერიდეთ ქორწინებას, ვაჭრობას და ახალი კავშირების დამყარებას. ამავდროულად, გაითვალისწინეთ, რომ დღე ხელს უწყობს მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები, ხერხემალი და კანის არე. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას, სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს და მანუალურ მასაჟს.
დღის მინერალები და ფერები – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, გიშერი და მალაქიტი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია ბეჟი, თეთრი, ყვითელი, მწვანე და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები -დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბის, მორიელისა და თხის რქის ნიშნებზე. შედარებით ნეგატიური იქნება ლომისა და სასწორის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.