მზე იმყოფება თავისუფლებისმოყვარე, მეტად დემოკრატიულ, რეფორმატორულ და მეგობრულ მერწყულში, ხოლო მთვარე გადადის აგრესიულ, ენერგიულ და შემტევი ხასიათის მქონე ვერძში. ამ ზეგავლენების შედეგად დღის განმავლობაში ეს ტენდენციები აისახება თითოეული ჩვენგანის ხასიათსა და ქცევაზე.
ცის კაბადონზე საქმიანობის, ენერგიისა და შრომისუნარიანობის მმართველი პლანეტა მარსი დღეიდან 3 მარტამდე გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში. ამ პერიოდში იგი მეტად გააძლიერებს ადამიანებში თავისუფლებისმოყვარეობას, ორიგინალურობას, სპონტანურობას, პროფესიონალიზმსა და რეფორმატორულ მიდგომებს, გააღვივებს დიპლომატიურობასა და ცოდნისადმი ინტერესს. ამავდროულად შესაძლოა გამოიკვეთოს სიჯიუტე, სულსწრაფობა და სიზარმაცეც. ნეგატიური ტენდენციები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ხოლო დადებითი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
დღის რეკომენდაციები – დღეს შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და სულიერი განახლება. დღეს და ხვალ სასურველია მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე; სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა და ხელს უწყობს ორგანიზმის ენერგიით დამუხტვას. გადაღლა უარყოფითად აისახება მერწყულებზე, თევზებზე, ვერძებსა და კუროებზე, როგორც ჯანმრთელობის, ისე მოქმედებების კუთხით, ამიტომ ეცადეთ ზედმეტ დატვირთვას მოერიდოთ.
ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თავის არეს, სისხლძარღვოვან სისტემას და გრძნობათა ორგანოებს, მათ შორის ცხვირის ზონას. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სასურველია მოერიდოთ გადაღლას, ანალიზების ჩაბარებასა და ექოსკოპიურ გამოკვლევებს.
დღის ნეგატიური ტენდენციები – რთული დღეა ქორწინებისთვის, საფინანსო ოპერაციების ჩასატარებლად, კაპიტალდაბანდებისთვის, ხელშეკრულებების დასადებად და სტომატოლოგიური პროცედურებისთვის, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.
დღის მინერალები და ფერები – დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ქარვა. ფერებიდან ხელსაყრელია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები – ისინი აძლიერებენ შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია მორიელისა და ქალწულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.