მზე დღეს იმყოფება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში – ფრიად თავისუფლებისმოყვარე და რეფორმატორულ ენერგიაში, ხოლო მთვარე გადადის ორგანიზებულ, დისციპლინირებულ და წესრიგის მოყვარულ ქალწულის ნიშანში. აღნიშნული ასტროლოგიური ტენდენციები დღის განმავლობაში მკაფიოდ აისახება თითოეული ჩვენგანის ხასიათსა და ქცევაზე.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში პლანეტების: პლუტონის, მარსის, ვენერას, მერკურისა და მზის – ენერგიათა შეერთება მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვან სოციალურ პროცესებს გაააქტიურებს. მოსალოდნელია ცვლილებები, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებითაც, რაც გარკვეულ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევს. ამავე დროს, ჩნდება ახალი იდეებისა და პროექტების რეალიზების შესაძლებლობა, ძლიერდება რეფორმატორული მოქმედებების ტენდენცია. მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ ემოციები და თავი აარიდოთ აგრესიას.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს სასურველია, არ იყოთ ზედმეტად იმპულსური, პრეტენზიული და სულსწრაფი.
ჯანმრთელობა – ეფექტიანია ლიმფური სისტემისა და თვალების მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში სასურველია მეტი ხილის, თაფლის, ბოსტნეულის, თევზეულისა და ფრინველის ხორცის შეტანა.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – რთულია ეს დღე სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მეგობრობისა და ახალი ნაცნობობის დასაწყებად, ასევე გამოცდების ჩასაბარებლად და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ არის რეკომენდებული; მოერიდეთ სარისკო ქმედებებს.
სასიკეთოა დღე საფინანსო და საბანკო ოპერაციებისთვის, მოლაპარაკებების წარმართვისთვის, ვაჭრობისთვის, სწავლისთვის, ასევე დალაგება-დასუფთავებისა და ქიმწმენდისთვის.
დღის მინერალები და ფერები – ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი ხელს უწყობს დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვასა და ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ფერებიდან რეკომენდებულია ვერცხლისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე და ნარინჯისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.