დღე საკმაოდ რთულია, რადგან გეომაგნიტურ ფონთან ერთად გვაქვს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. ცის კაბადონზე მზისა და მთვარის დაპირისპირება ქალწულ-თევზების ღერძზე ქმნის მძიმე კოსმიურ ენერგეტიკას, რომელიც განაპირობებს კონფლიქტებს, დაბნეულობას, შიშებს, დეპრესიულ განწყობებს და აგრესიას. იზრდება შეცდომებისა და ილუზიების ალბათობა, ასევე ტრავმული და ავარიული ტენდენციები. შესაძლებელია ტყუილთან ან უსამართლობასთან მოგიწიოთ შეხება, რაც დამატებით გაართულებს დღეს.
დღეს იწყება ე.წ. „დაბნელებათა დერეფანი“, რომელიც გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში და დასრულდება მზის დაბნელებით. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე, პროვოკაციებზე არ აჰყვეთ, არ დაუჯეროთ დაპირებებს და თავადაც ნუ გასცემთ პირობას, რომელსაც ვერ შეასრულებთ.
დღის რეკომენდაციები – სიფრთხილე გმართებთ ხალხმრავალ სივრცეებში, რადგან მაღალია ენერგოინფორმაციული ველის დარღვევის, ე.წ. „თვალის აღების“ ალბათობა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ახალი საქმეები, ფულის სესხება ან გასესხება, ასევე უძრავი ქონების ოპერაციები სასურველია გადადოთ. ალკოჰოლური სასმელი და საიდუმლო საქმეები დამატებით რისკს მოიტანს. სასურველია მეტი მსუბუქი ფიზიკური მოძრაობა, სეირნობა, რათა ენერგია მშვიდად დაიხარჯოს და არ გადაიზარდოს კონფლიქტებში.
პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა და გაუგებრობები. ლომის, სასწორისა და მორიელის ნიშნის წარმომადგენლებმა განსაკუთრებით უნდა აკონტროლონ ემოციები და მოერიდონ ზედმეტ აქტიურობას. დღეს კარგია გულწრფელი საუბარი, ნდობა და პატიების გამოხატვა.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ტერფების ზონა, მხედველობა და ნერვული სისტემა. აუცილებელია ემოციური სტრესის მინიმიზაცია და ზომიერი ფიზიკური აქტივობა.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთოა გიშერი, ამეთვისტო, მარჯანი, მარგალიტი და აქატი – მათი ენერგია დაგიცავთ ნეგატიური გავლენებისგან და გააძლიერებს თქვენს შინაგან სიმტკიცეს. ფერებიდან სასურველია მშვიდი ტონების გამოყენება, რომლებიც განწყობას გაამყარებს და სიმშვიდეს მოგიტანთ.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება თევზებისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებზე. შედარებით რთული და დაძაბული იქნება ვერძისა და ტყუპებისთვის.