დღეს თბილისის ”დინამოს” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს: საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას ზაგრების ”დინამოსთან” გამართავს და რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს. პირველი თამაში ჩვენებმა 0:2 დათმეს და ახლა სრული კონცენტრაცია სჭირდებათ საბოლოო მიზნის მისაღწევად.
მატჩამდე პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების კითხვებს თბილისელთა მხრიდან გუნდის დამრიგებელმა იურაი იარაბეკმა და საქართველოს ნაკრების მცველმა უჩა ლობჟანიძემ, ხოლო სტუმართა რიგებიდან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა და იოსიპ პივარიჩმა უპასუხეს.
იურაი იარაბეკი:
”დღესასწაული გველის. მეტოქე კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ შანსი გვექნება. პირველ თამაშში კარგად ვითამაშეთ თუ არ ჩავთვლით იმ 3 წუთს, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ და ორი ბურთი მივიღეთ. თბილისში იმაზე უფრო აქტიურად ვითამაშებთ, ვიდრე ზაგრებში – პირველივე წუთებიდან გოლის გატანას ვეცდებით. შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.მთავარია, ფეხბურთელებს კარგი განწყობა აქვთ”.
ზლატკო კრანჩარი:
”2:0 გვაქვს მოგებული, მაგრამ მატჩს 0:0-დან დავიწყებთ. მეტოქე კარგი გუნდია, ველოდებით რთულ მატჩს, გულშემატკივარი საკმაო რაოდენობით მოვა, მაგრამ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. თბილისურმა გუნდმა პირველ მატჩში საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. 2:0 ჩვენ გვაძლევს უპირატესობას, ამიტომ სწრაფ გოლზე თამაშის აწყობას არ ვაპირებთ. მეტოქის შეცდომებს დაველოდებით. ტაქტიკურ სქემებს მოედანზე თავად იხილავთ”.
პრესკონფერენციის შემდეგ გუნდებმა მონაცვლეობით ბოლო რეპეტიცია გაიარეს და ”დინამო არენაზე” ივარჯიშეს..
მატჩს ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი, 35 წლის მიროსლავ ზელინკა იქნება. თამაში 21:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ”დინამო” დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროთასებზე მე-100 შეხვედრას ჩაატარებს.