LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დივერტიკულიტი

112
დივერტიკულიტი

დივერტიკულიტი არის მსხვილი ნაწლავის ანთება ან ინფექცია. დამახასიათებელი სიმპტომებია: ტკივილი, მუცელზე შეხებისას მომატებული მგრძნობელობა (როგორც წესი, მუცლის მარცხენა ქვედა ნახევარში) და ცხელება; ის უმეტესად აზიანებს სიგმოიდურ კოლინჯს, რომელიც მსხვილი ნაწლავის ბოლოს, სწორ ნაწლავამდე მდებარეობს. იგი ხშირია 40 წელზე მეტი ასაკის პირებში. მისი მძიმე ფორმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა ყველაზე საშიშია ასაკოვანებში, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც კორტიკოსტეროიდებს ან სხვა ისეთ წამალს იღებს, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას და, ამგვარად, ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას. 

დივერტიკულიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი, მუცელზე შეხებისას მომატებული მგრძნობელობა (როგორც წესი, მუცლის მარცხენა ქვედა ნახევარში) და ცხელება. დივერტიკულიტი, უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. დივერტიკულიტის  შესაძლო გართულებებია: ახლომდებარე ორგანოების ანთება, აბსცესი, მუცლის ღრუს ამომფენი გარსის ანთება და სისხლდენა. დივერტიკულიტის განმეორებითი ეპიზოდი იწვევს ნაწლავის ობსტრუქციას, ვინაიდან ანთების შედეგად განვითარებული ნაწიბურები და კუნთოვანი შრის გასქელება ავიწროებს მსხვილი ნაწლავის სანათურს და აფერხებს მყარი განავლის გატარებას.

პაციენტები მწვავე სიმპტომებით საჭიროებენ საავადმყოფოში მოთავსებას. აქ ისინი ინტრავენურად იღებენ სითხეებსა და ანტიბიოტიკებს, იცავენ წოლით რეჟიმს და სიმპტომების გაქრობამდე საკვებს არ იღებენ. თუ სისხლდენის წყარო ცნობილია, მხოლოდ ნაწლავის დაზიანებული ნაწილი ამოიკვეთება. თუ სისხლდენის წყარო არ არის დადგენილი, ნაწლავის უფრო დიდი ნაწილი უნდა ამოიკვეთოს. აბსცესის აღმოჩენის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა აბსცესის დრენირება ნემსით. დივერტიკულიტის მსუბუქი ფორმის სამკურნალოდ საჭიროა დასვენება, თხიერი დიეტა და დასალევი ანტიბიოტიკების მიღება. სიმპტომები, როგორც წესი, სწრაფად ქრება. რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია რბილი, ბოჭკოებით ღარიბი დიეტის მიღება. კომპიუტერული ტომოგრაფია ან ულტრაბგერითი სკანირება შეიძლება დაგვეხმაროს იმის გარჩევაში, თუ რით არის გამოწვეული პრობლემა – დივერტიკულიტით თუ აპენდიციტით ან აბსცესით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები