LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზენტერია

447
დიზენტერია

დიზენტერია ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მსხვილი ნაწლავის დაზიანება და ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია ახასიათებს. დიზენტერიას ჭუჭყიანი ხელების დაავადებასაც უწოდებენ, რადგან დასნებოვნების ალბათობა დიდია პირადი და კვების ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში. მწვავე დიზენტერია ხშირად იწყება შემცივნებით, ძვლებში ტეხის შეგრძნებით, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, ტემპერატურის მატებით, მუცლის ძლიერი, შეტევითი ტკივილით, ზოგჯერ – გულისრევითა და ღებინებით. თავდაპირველად განავალი თხიერია, რამდენიმე საათის შემდეგ მასში ჩნდება ლორწო, შემდეგ – სისხლი, მოგვიანებით კი – ჩირქი. მუცლის ტკივილის პარალელურად აღინიშნება ნაწლავთა არასრული დაცლის შეგრძნება და სწორი ნაწლავის კუნთების სპაზმური შეკუმშვა ჭინთვების სახით. ძლიერმა ჭინთვამ შესაძლოა სწორი ნაწლავის გამოვარდნა გამოიწვიოს.

ავადმყოფს აქვს შეწუხებული იერი, კანი შრება. ვითარდება გულის კუნთის დისტროფიული ცვლილებები. არტერიული წნევა ქვეითდება. ენა შელესილი ან მშრალია და მოყავისფრო ნადებით არის დაფარული. ნერწყვის გამოყოფა დაქვეითებულია, რის გამოც ხშირია პირის სიმშრალე. ავადმყოფს მუცელი ჩავარდნილი აქვს, შეხებისას – მტკივნეული, ცხელება 2-5 დღეს გრძელდება და 37-40 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, თუმცა შესაძლოა, დაავადება ტემპერატურის გარეშეც მიმდინარეობდეს.

ჩვეულებრივ, რეციდივს თან სდევს მუცლის მოვლითი ტკივილი, ჭინთვა, ტემპერატურა ხშირად ნორმაშია, განავალი ფაფისებურია, სისხლიან-ლორწოვანი, ზოგჯერ – ჩირქოვანიც. ავადმყოფს ენა შელესილი აქვს, მუცელი – შებერილი, შეხებისას – მტკივნეული.
ქრონიკული გახანგრძლივებული დიზენტერია თანდათან ყალიბდება. ავადმყოფს მუდმივად აწუხებს მუცლის ტკივილი და ფაღარათი (5-8-ჯერ დღეში). განავალი ლორწოვან-ჩირქოვანია. ავადმყოფი კარგავს წონას. ნივთიერებათა ცვლა, კუჭის, ღვიძლისა და პანკრეასის ფუნქცია მოშლილია. ვითარდება ანემია, ვიტამინებისა და ცილების დეფიციტი, დისბაქტერიოზი. ასეთი ფორმები იშვიათია და მეტწილად გვხვდება მოხუცებში, რომელთაც მძიმე თანდართული დაავადებები აქვთ.

გართულებათა თავიდან აცილების მიზნით დიზენტერიით დაავადებულთა მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს, ამიტომ ზემოთ აღნიშნული სიმპტომების არსებობისას (განსაკუთრებით – ბავშვებსა და მოხუცებში) დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. თვითმკურნალობა დაუშვებელია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის აღსადგენად ინიშნება ფერმენტული პრეპარატები, B ჯგუფის, C ვიტამინები. ქრონიკული დიზენტერიის მკურნალობა უფრო რთულია. იგი მკაცრად ინდივიდუალური უნდა იყოს. ყოველ კერძო შემთხვევაში მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს ავადმყოფის ძირითად ჩივილს, გამოკვლევის შედეგებს და ითვალისწინებდეს ადრე მიღებულ პრეპარატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები