შარდის ბუშტი წარმოადგენს შარდის რეზერვუარ ორგანოს, რომელსაც აქვს უნარი დაიტიოს 400-600 მლ-მდე მოცულობის სითხე. ნორმაში დღის მანძილზე შარდის გამოყოფის სიხშირე 4-8-მდე უნდა შეადგენდეს. თუ შარდვის სიხშირე მეტია რვაზე ე.ი. საქმე გვაქვს დიზურიასთან. მამაკაცებში ხშირი შარდვის ძირითადი გამომწვევი მიზეზი გადიდებული პროსტატის ჯირკვალია. ის მდებარეობს შარდის ბუშტის ქვევით და მისი გადიდების დროს ხდება შარდსავალ გზებზე ზეწოლა, რაც იწვევს შარდის დინების შეფერხებას და შარდის ბუშტის გაღიზიანებას. ქალებში ხშირი შარდვის გამომწვევი ძირითადი მიზეზი საშარდე გზების აღმავალი ინფექციაა.
გარდა ხშირი შარდვისა დიზურიას ახასიათებს სხვა სიმპტომებიც: სისხლიანი შარდვა; ტკივილის და სპაზმის შეგრძნება შარდის ბუშტის არეში; ტკივილის და წვის შეგრძნება შარდვის დროს; მაღალი ტემპერატურა, შემცივნება და გულისრევის შეგრძნება. სიმპტომები მძიმდება თუ აღმავალი ინფექცია მიაღწევს თირკმლებამდე, რასაც შესაძლოა მეტად სერიოზული პრობლემები მოჰყვეს მათი შეგუბების და უკმარისობის სახით.
ექიმთან ვიზიტი ან ვიდეო/აუდიო კონსულტაცია აუცილებელია თუ: ხშირ შარდვას წინ არ უსწრებდა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, არსებული პრობლემა ხელს გიშლით თქვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და ძილში, თუ შენიშნეთ სისხლის არსებობა შარდში, გაწუხებთ ტკივილი ან წვა შარდვის დროს, გრძნობთ ტკივილს შარდის ბუშტის მიდამოში, გიჭირთ შარდვა ან შარდვის სურვილის დაკმაყოფილება, აღგენიშნებათ მაღალი ტემპერატურა. ხშირი შარდვის მკურნალობის მეთოდის შემუშავება ხდება სპეციალისტის მიერ, მას შემდეგ, რაც დადგინდება გამომწვევი მიზეზი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ უმეტეს შემთხვევაში ხშირი შარდვის გამომწვევი მიზეზი საშარდე გზების ინფექციაა, მკურნალობა მედიკამენტოზურად ხდება და არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.