დუბაის ატელიემ Venuum განახლებული Rolls-Royce Dawn წარმოადგინა. მოდიფიკაცია მთლიანად ცვლის ღია მოდელის გარეგნობას – გადაკეთებულია ბრენდისთვის დამახასიათებელი რადიატორის ბადეც და Spirit of Ecstasy-ის ქანდაკებაც. სულ მხოლოდ 25 ასეთი კომპლექტი დამზადდება.
განახლებული წინა ნაწილი შედგება ახალი ბამპერისა და რადიატორის ბადისგან. ტიუნერებმა მათთვის ორიგინალური დიზაინი შექმნეს, რომელიც პლასტმასის პანელებს ჰგავს მრავალი სამკუთხა ამოჭრილი ხვრელით. სტანდარტული ფარები ნაწილობრივ დაფარულია ახალი ძარის ელემენტებით, ხოლო ბამპერში ინტეგრირებულია მრგვალი ფორმის ახალი განათება. ლოგოტიპი განათებულია, ხოლო კაპოტზე განთავსებული ქანდაკება ძარის ფერშია შეღებილი.
ბორბლების თაღებს დაემატა მასიური გაფართოებები, რომლებიც ერთმანეთთან გვერდითა ზღურბლებით არის დაკავშირებული. კაბრიოლეტის უკანა ნაწილიც სრულად გადაკეთდა – გამოყენებულია ალტერნატიული ბამპერი და შეცვლილია განათების სისტემა. დამონტაჟებულია თითქმის მთლიანად დახურული დიზაინის დისკები Creative Bespoke-ისგან. პროექტის ღირებულებას კომპანია Venuum არ ასაჯაროებს.