ამერიკის შეერთებული შტატებში ძაღლმა თავისი პატრონები ხანძრისგან იხსნა. შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა, სადაც ფილისმორის სახელით ცნობილი ძაღლი ნამდვილ გმირად იქცა. ინფორმაციას NBC 4 ავრცელებს.
ინციდენტი 15 აპრილს, გვიან ღამით მოხდა. ძაღლის პატრონმა, ტომ დალისმა მოულოდნელად გაიღვიძა მას შემდეგ, რაც შინაური ცხოველი გაუჩერებლად ყეფდა. თავდაპირველად მან ძაღლის დამშვიდება სცადა, თუმცა როცა ეს ვერ შეძლო, გადაწყვიტა გაერკვია, რა იწვევდა ასეთ რეაქციას.
როდესაც დალისმა ფანჯრიდან გაიხედა, ცეცხლის ალი შენიშნა. თავიდან იფიქრა, რომ მეზობლის სახლი იწვოდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ხანძარი მისივე ავტოფარეხში გაჩნდა.

მამაკაცი მაშინვე გარეთ გავარდა და ცეცხლის ჩაქრობა დაიწყო, რათა ხანძარი სახლზე არ გავრცელებულიყო, სანამ მეხანძრეები მივიდოდნენ. ადგილზე მისულმა სახანძრო სამსახურმა კი ყველაფერი საბოლოოდ მოაგვარა.
ტომ დალისის თქმით, ის სახლში მეუღლესთან და 90 წლის სიდედრთან ერთად ცხოვრობს და დარწმუნებულია, რომ ფილისმორმა მათი სიცოცხლე გადაარჩინა. „მას ბევრი გემრიელი საჩუქარი მივეცით“, – აღნიშნა მან.