LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრს ვმუშაობთ, არ ვჩერდებით… ვაკეთებთ დუეტებს, ვქმნით სიმღერებს. ჩვენს მსმენელს ძალიან ბევრი სიურპრიზი ელის“ – ლოლა წერეთელი და ქეთი ხუციშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

268
ლოლა-წერეთელი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ლოლა წერეთელი და ქეთი ხუციშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში ლოლას და ქეთის დუეტის „ჩემთან მზეა“ ასევე სოლო ნამუშევრების „იჩქარე სიყვარულო“ და „თუ გამითენებ“ პრემიერა შედგა.

რა სიახლეებია თქვენს კარიერაში, შემოქმედებაში?

ქეთი: ძალიან ბევრს ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. გრძელდება ჩვენი თანამშრომლობა, ვაკეთებთ დუეტებს, ვქმნით სიმღერებს. ჩვენს მსმენელს ძალიან ბევრი სიურპრიზი ელის.

ლოლა, ვისაუბროთ შენს ახალ სოლო ნამუშევარზე „იჩქარე სიყვარულო“.

ლოლა: მუსიკა გურო გასპარიანს ეკუთვნის, არანჟირება დავით დავიდოვს, ტექსტი ქეთი ხუციშვილმა დაწერა.

ქეთი: ლოლა მირეკავს და მეუბნება, მიშველე, ამ სიმღერაზე ქართული ტექსტი მინდაო, ვუთხარი, შევეცდები-მეთქი და მპასუხობს, რას შეეცდები, სულ 20 წუთი მაქვს დრო, უკვე სტუდიაში ვარო. აი ასე შეიქმნა „იჩქარე სიყვარულო“.

მოგვიყევით თქვენს დუეტზე „ჩემთან მზეა“...

ლოლა: მე მიყვარს დუეტებში სიმღერა, საინტერესოა. ამ ნამუშევრის ისტორია ასეთია… ზოგადად, მე სულ ახალი სიმღერის ძიებაში ვარ და ერთხელაც, შემხვდა  ჯეიჰუნ ბაკინსკის და ბრენდონ სტოუნის სიმღერა. უცებ გავუგზავნე ქეთის და ამ დროს ქეთიმაც იგივე სიმღერა გამომიგზავნა, ანუ ერთდროულად გავუგზავნეთ ერთმანეთს.

ქეთი: მე უკვე დაწერილი მქონდა ტექსტი. შემდეგ, მივწერეთ ბრენდონს და მასაც ძალიან მოეწონა ქართული ტექსტი.

ლოლა: დავურეკე ჯეიჰუნს და ვუთხარი, მე და ჩემმა მეგობარმა უნდა ვიმღეროთ მეთქი. მოგვცეს შესრულების უფლება, უბრალოდ, მიუთითეთ, რომ ჩვენი სიმღერის ქავერიაო. ძალიან სამხიარულო, ხალისიანი სიმღერაა.

ქეთი, როგორია შენი სოლო სიმღერის „თუ გამითენებ“ ისტორია?

ქეთი: შარშან, იანვარში ანტალიაში ვიყავი დასასვენებლად. კაფეში რაღაც მუსიკა იყო. მარკუს მეტრეველიც იქ იყო და ვკითხე, მოგწონს-მეთქი, მაგარიაო – მიპასუხა. რომ ჩამოვედი, გადამავიწყდა ეს სიმღერა, ერთი წელი გავიდა. ერთი თვის წინ გამახსენდა და მივედი ემზარ შერვაშიძესთან და ვუთხარი, სასწრაფოდ უნდა გავაკეთო ეს სიმღერა-მეთქი. უცებ ისეთი მონახაზი გააკეთა… სხვისთვის უნდა მიმეცა ეს სიმღერა და აღარ მივეცი, ჩემთვის დავიტოვე, რადგან ძალიან მომწონდა.

როგორია სამომავლო გეგმები?

ლოლა: მივფრინავ ჰოლანდიაში, 14 თებერვალს ჩემი საღამო არის დაგეგმილი, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით. შემდეგ ჩამოვალ და 25 თებერვალს ტელევიზიაში მექნება ახალი სიმღერის და კლიპის პრემიერა. 7 მარტს საბერძნეთში მივფრინავ, იქ მაქვს საღამო. მერე, ერევანში მივდივარ.

ქეთი: ჩემი გეგმაა, რომ რაც შეიძლება ბევრი სიმღერა დავწერო და გავახარო ჩემი მსმენელი. რამდენიმე დღის წინ დავწერე ახალი სიმღერა, რომელიც ლოლას გადავუგზავნე და ვფიქრობ, ეს სიმღერა გენიალური იქნება. ძალიან დამოკიდებული გავხდი სიმღერაზე, ადრე ასე არ ვიყავი, უფრო ლექსებს, ჩანახატებს ვქმნიდი.

ლოლა – იჩქარე სიყვარულო

ქეთი ხუციშვილი – თუ გამითენებ

ლოლა & ქეთი ხუციშვილი – ჩემთან მზეა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ლოლა – მეგონა. Live

ლოლა & ქეთი ხუციშვილი. პრემიერა გადაცემაში „რადიო დუეტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები