ელექტროსკუტერით სეირნობა უფრო საშიშია, ვიდრე მოტოციკლეტით გადაადგილება. ასეთ დასკვნამდე ფრანგი მკვლევრები ბოლო წლების სტატისტიკის შესწავლის შემდეგ მივიდნენ.
სპეციალისტებმა ბოლო 3 წლის განმავლობაში ავარიების შემდეგ საავადმყოფოებში მოხვედრილი 5 ათასზე მეტი პაციენტის მონაცემი შეისწავლეს. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ელექტროსკუტერების მონაწილეობით მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევების რიცხვი ამ დროის განმავლობაში 4-ჯერაა გაზრდილი. ელექტროსკუტერების მძღოლების 45,5%-მა საკმაოდ სერიოზული ტრავმები მიიღო, შედარებისთვის მოტოციკლთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 39,7%-ია.
სპეციალისტებმა დათვალეს, რომ სკუტერის მართვისას თავის ტრავმის მიღების შანსი ორჯერ უფრო მეტია, რადგან ჩაფხუტს თითქმის არავინ ატარებს.
პაციენტთა სამი მეოთხედი, ელექტრო სკუტერით ავარიის შემდეგ რეანიმაციაში მოხვდა. საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი იყო, საშუალოდ 15 დღე. ამასთან, შემთხვევათა 9% ლეტალურად დასრულდა.