LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდომეტრიოზი

105
ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ეს არის არა ჭეშმარიტი სიმსივნე, არამედ ენდომეტრიუმის უჯრედების არანორმალური გამრავლება. ენდომეტროიდულ წარმონაქმნები ყავისფერი სითხით სავსე კისტურ წარმონაქმნს წააგავს. ენდომეტრიოზის დროს შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა, რის გამოც მას პოლისისტემური დაავადებების რიცხვს მიაკუთვნებენ. ენდომეტრიოზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა. მაგალითად, აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს ღრუს გახსნით ჩატარებული მიომექტომია.

ენდომეტრიოზი უპირატესად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება. დაავადება ხშირად იწვევს ქალის მენსტრუაციული და რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევას და შრომისუნარიანობის დაქვეითებას. დაავადების მთავარი ნიშანია პროგრესირებადი ტკივილი, რომელიც მენსტრუაციის წინა პერიოდში იჩენს თავს და განსაკუთრებით მწვავედ მენსტრუაციის დროს ვლინდება. ენდომეტრიოზული წარმონაქმნების შიგთავსის (სისხლი, ჯირკვლების სეკრეტი) გარემომცველ ქსოვილებში მოხვედრა ტკივილს, ანთებით რეაქციას, ნაწიბურების, შეხორცებების განვითარებას იწვევს. ენდომეტრიოზის მქონე ავადმყოფებში უნაყოფობის სიხშირე შედარებით მაღალია. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ანოვულაცია, ყვითელი სხეულის ფუნქციური უკმარისობა, საშვილოსნოს მილი დაზიანება, ენდომეტრიუმის ფუნქციური უკმარისობა. საშვილოსნოდან გამოხატული სისხლდენა იწვეს ანემიას, რომელსაც თან ახლავს სისუსტე, ადვილად დაღლა, ზოგჯერ თავბრუსხვევა, შრომის უნარის დაქვეითება.

უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სითხის შემცველ სიმსივნურ წარმონაქმნს გამოავლენს. დიაგნოსტიკის მაღალინფორმაციული მეთოდი, განსაკუთრებით — დაავადების ადრეულ სტადიაში არის ლაპარასკოპია. ენდომეტრიოზის მკურნალობას ავადმყოფის ასაკის, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციისა და გავრცელების ხარისხის მიხედვით აწარმოებენ. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. ავთვისებიანი ენდომეტრიოზის შემთხვევები შედარებით იშვიათია. ენდომეტრიოზის თავიდან ასაცილებლად, უპირველეს ყოვლისა, ენდომეტრიუმის ნაწილების საშვილოსნოს ღრუდან სასქესო ორგანოების სხვა ნაწილებში მოხვედრა უნდა შეფერხდეს. ამიტომ ენდომეტრიოზის პროფილაქტიკის ქმედით ღონისძიებებს წარმოადგენს: საშვილოსნოს ანომალიების დროული მკურნალობა, საშვილოსნოსშიდა ჩარევის მკაცრი ჩვენებებით ჩატარება. მკურნალობის შედეგად ტკივილები მცირდება და საბოლოოდ სრულებით წყდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები