როგორი ვითარებაა საქართველოს გზებზე და განსაკუთრებით ჩვენს დედაქალაქში, ყველას კარგად მოეხსენება. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სიტუაცია შემაშფოთებელია. ერთის მხრივ მართალია მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, თუმცა ყველაფრის ხელისუფლებისთვის და გასაკეთებელი პროექტებისთვის გადაბრალება არ ივარგებს: საგზაო მოძრაობის მთავარი მონაწილე მაინც ადამიანია, მძღოლი, ქვეითად მოსიარულე და სწორედ მათ მხრიდან დაცული წესები განაპირობებს კიდეც რამდენად კომფორტული ან ქაოსური იქნება გადაადგილება.
”ავტორადიოს” სხვადასხვა პრობლემებსა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანი, ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი და ფონდ ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელი გელა კვაშილავა, რომელიც ასევე გახლავთ ბრიტანული ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის მრჩეველთა საბჭოს წევრი და რეგიონალური კონსულტანტი, ევროკავშირის ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის ექსპერტი.
დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს გზების დეპარტამენტმა დაიწყო კამპანია ”გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო”, რომელიც გულისხმობს მოქალაქეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას. ეს პროექტი უშუალოდ ეხება ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებს.
”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი აქტიურად არის ჩართული ახალ კამპანიაში ”გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო ”. მან ”ავტორადიოსთან” საუბარში სტატისტიკური მონაცემებიც გაგვაცნო და მსმენელს გაუზიარა რჩევები თუ როგორ უნდა მოიქცეს როგორც მძღოლი, ასევე ქვეითი.
– ეკატერინე, რა მდგომარეობაა დღეისათვის საქართველოს გზებზე. ასევე აღვნიშნოთ ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ეს კამპანია.
– არ შეიძლება ყოველთვის გადავაბრალოთ ხელისუფლებას ის, რომ უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ საგზაო მოძრაობის მონაწილეების მხრიდანაც და უნდა ვაღიაროთ, რომ უმეტესობა საგზაო შემთხვევებისა, თავად მძღოლების გამო არის გამოწვეული. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია კანონის დაცვითა და მობილიზებით შევცვალოთ გზებზე არსებული მდგომარეობა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილე ასევე არის ქვეითი. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება საქართველოს გზებზე არსებული მდგომარეობა შეცვალოს, ქვეითებისა და მძღოლებს შორის ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა. მძღოლებმა უნდა ვიცოდეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩქაროსნული გზები და როგორ შიდა გზები. უნდა ითქვას, რომ ტროტუარები ნამდვილად ოკუპირებულია მძღოლების მიერ. ეს ნამდვილად არის ინფრასტრუქტურის პრობლემა. ხელისუფლება ამაში აქტიურად უნდა ჩაერთოს. გასულ წელს ავტოკატასტროფაში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9000-ზე მეტი დაშავდა. მთავარი მიზეზები სიჩქარის გადაჭარბება და ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვაა. საგზაო დეპარტამენტს ჩატარებული აქვს გამოკითხვა, რაც მძღოლებისა და ქვეითების ქცევების გამოკვლევას ეხებოდა. მათი ქცევა და გაცემული პასუხები აბსოლუტურად სხვაგვარი იყო. ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება, რასაც ჩვენ ვცდილობთ კამპანიით ”გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო.”
– ერთ-ერთი ინტერვიუს დროს საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას და განსაკურებით სადღესასწაულო დღეებში დარღვევები იმატებს.
– სადღესასწაულო დღეებში მძღოლებს აქვთ განცდა, რომ პატრული არ დააჯარიმებთ. სწორედ ამიტომ ძალიან ხშირია ამ პერიოდში ავტოკატასტროფები. წამყვანი მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში მართვაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მკაცრი კანონი, პირველივე შემთხვევაზე მართვის მოწმობის ჩამორთმევა არ ხდება, არ ვიცი რატომ არიან ჩვენი მძღოლები წახალისებულები. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ქულების სისტემა და უკონტაქტო პატრულირება, რომელიც უფრო მეტ განცდას დაგვაუფლებს, რომ ხდება დარღვევების მონიტორინგი ხელისუფლების მხრიდან. ერთობლივი თანამშრომლობა, საკითხის მიმართ კომპლექსური მიდგომა შედარებით უკეთეს გზაზე გაგვიყვანს და საგზაო შემთხვევებს შეგვიმცირებს.
გზების დეპარტამენტს არაერთი სიურპრიზი აქვს მძღოლებისთვის. მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთ საქართველოში მგზავრობისას მათ აღარ მოუწევთ სამტრედიასა და ხაშურში შესვლა. ასევე პროექტირების ეტაპზეა რიკოთის მონაკვეთის განახლება. გარდა მაგისტრალებისა, მთელს საქართველოში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ამას გარდა, კეთდება ტაძრებთან მისასვლელი გზები.
– ბატონო ირაკლი რამდენი ხანია, რაც ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავთ?
– სამი თვეა უკვე ხორციელდება პროექტი „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“, რაც გულისხმობს მოქალაქეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას. რადგან ავტომაგისტრალზე ხარისხიანი გზაა და თან ცალმხრივი მიმართულებისაა, ყველა ქვეყანაში უფრო უსაფრთხოა, გარდა საქართველოში. ეს ქართულ მენტალიტეტზე მიუთითებს. ჩვენ ვცდილობთ მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი გზები და როგორ შეიძლება ამის მაქსიმალურად სასიკეთოდ გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები არსებობს, ქვეითები მაინც ზემოდან გადარბიან ავტომაგისტრალებზე. არსებობს შემთხვევები, როდესაც 2-წუთიანმა გადარბენებმა ავტოკატასტროფები გამოიწვია.
– რა სიახლეები გაქვთ, რა იგეგმება ახლო მომავალში და როგორ მიდის გზებზე სამუშაოები?
– რიკოთის მონაკვეთი ალბათ ყველა მძღოლს დისკომფორტს უქმნის. 4 წელიწადში, 2020 წლისთვის რიკოთის მონაკვეთი მთლიანად განახლდება და მძღოლებს უფრო სწრაფად შეეძლებათ ამ მონაკვეთის გავლა. ეს საკითხი უკვე პროექტირების ეტაპზეა. სულ ახლო მომავალში, ივნისის დასაწყისში იგეგმება ავტომაგისტრალის 7 კილომეტრით დაგრძელება. ამას გარდა, სამუშაოები მიმდინარეობს ხაშურთან მდებარე ტერიტორიაზე. ახლო მომავალში დასავლეთში მგზავრობისას ხაშურში შესვლა აღარ იქნება საჭირო. კეთდება შემოვლითი გზა, რომელიც პირდაპირ რიკოთთან არის დაკავშირებული. ზაფხულის სეზონისთვის მძღოლებს აღარც სამტრედიაში შესვლა დასჭირდებათ. ზღვის სეზონისთვის ამ მონაკვეთზე არსებული ახალი გზაც გაიხსნება. ამას გარდა მიმდინარეობს სამუშაოები სამტრედია- გრიგოლეთის მიმართულებით. ეს მონაკვეთიც ცალმხრივი გახდება და 4 ზოლიანი სამოძრაო მონაკვეთი იქნება. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გზა აღჭურვილი იქნება მაღალი უსაფრთხოების დონით. გარდა მაგისტრალებისა, მთელს საქართველოში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციები. მაგალითად, ნიკეის ქუჩის მშენებლობა. ამას გარდა, კეთდება ტაძრებთან მისასვლელი გზები.
ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დამფუძნებელი გელა კვაშილავა, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ღვედის გამოყენების კამპანია დაიწყო, 5 ოქროს წესს გვამცნობს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა მძღოლმა.
– ბატონო გელა, რა სახით არის თქვენი ორგანიზაცია ჩართული ამ ყველაფერში?
– კამპანია ჯერ ახალი დაწყებულია, თუმცა ამან მოქალაქეებში ძალიან დადებითი ემოციები გამოიწვია. ეს პროექტი უშუალოდ ეხება ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებს. ჩვენს კამპანიას აქვს ქვეითებთან, მძღოლებთან, სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება. ყველაზე რთული მაინც მძღოლებთან მუშაობაა, რადგან მათ უმეტესობას თავი „შუმახერი“ ჰგონია. ჩვენთან ჯერჯერობით ადვილია მართვის მოწმობის აღება. ავტოკატასტროფების 35-40% ახალბედა მძღოლებზე მოდის. ეს ყველაფერი აცილებადია ასეთი მუდმივი კამპანიებით, გზების განახლებითა და აღსრულებით. სტატისტიკურად ჩქაროსნულ ტრასებზე, მიუხედავად დაშვებული მაღალი სიჩქარისა, ყველაზე ცოტა ავარია ხდება, რაც ძალიან მისასალმებელია. ეს კი იმიტომ, რომ დაცულია ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების ინჟინერია. რა თქმა უნდა, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევებიც. რაც შეეხება დაღლილობის ფაქტორს, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მძღოლის მანევრირებაზე. არსებობს კომფორტული მოსაცდელები ჩვენს ავტომაგისტრალებზე, სადაც ყველა მძღოლი ვალდებულია 4 საათნახევრის შემდეგ შეისვენოს.
მძღოლებმა უნდა დაიცვან 5 ოქროს წესი:
- დაიცავი დისტანცია;
- არ გადააჭარბო სიჩქარეს;
- არ ატარო დაღლილმა;
- გაიკეთე ღვედი;
- არ დალიო.
– ბატონო გელა, გჯერათ, რომ დადგება ის დღე, როდესაც ყველა დაიცავს სიჩქარის ლიმიტს?
– დადგება და გეტყვით რატომ: ყველაფერი შეიძლება სასიკეთოდ შევცვალოთ, ისე როგორც ეს მოხდა ღვედის გამოყენების შემთხვევაში. ეს იქნება მეტად ეფექტური, როდესაც ყველანი ერთად ვიქნებით ჩართული.
აუდიოჩანაწერი