დიდ ბრიტანეთში, ერთსა და იმავე გზაჯვარედინზე, სადაც ახალი წრიული მოძრაობა დაწესდა, 48 საათის განმავლობაში ათი ავტომობილი დაიმტვრა. ეს ამბავი დერბიშირში მოხდა, ინფორმაციას კი ყველა ბრიტანული გამოცემა ავრცელებს, მათ შორის The Sun და The Telegraph. ეს უკანასკნელი ახალ გზაჯვარედინს „დიდ ბრიტანეთში ყველაზე ცუდს” უწოდებს.
გზაჯვარედინი უქმეებზე გაიხსნა, სიჩქარის შეზღუდვა აქ 110 კილომეტრ/საათია. გზაჯვარედინის მოწყობა ახლოს მდებარე სახლებთან გზის გასაყვანად გახდა საჭირო.
ავარიების უმეტესობა ღამით მოხდა, რადგან მძღოლებმა სიახლე ვერ შენიშნეს და არ შეანელეს მოძრაობა.
ადგილობრივი მთავრობა აღნიშნავს, რომ მოხდება გზაჯვარედინის დამატებითი შემოწმება, თუმცა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა არ გადაიკეტება.