რადიო „არ დაიდარდოს“ კახაბერი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „ნარდანინა“ წარუდგინა. „კახაბერმა და ხანუმებმა“ პროექტი ქართველ დიჯეისთან „Sxiio“ კოლაბორაციით შექმნეს.
რამდენად პროდუქტიული იყო 2024 წელი „კახაბერისთვის და ხანუმებისთვის“?
2024 წელი ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო ახალი ვიდეო რგოლების გამოშვებით, საკონცერტო მოღვაწეობით. ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს „იუთუბ“ გვერდზე, სადაც ასევე შეგიძლიათ, მოუსმინოთ ჩვენს 5 ალბომს.
„კახაბერი და ხანუმები“ ხანგრძლივი და თამამად ვიტყოდი, რომ მარადიული პროეტია. ჩვენი პირველი ალბომის გამოსვლიდან 11 წელი გავიდა. ჩვენი ჯგუფი და მუსიკალური პროექტი ინარჩუნებს თავის პოზიციას, არის ერთგვარი ქართველობის შემახსენებელი. გოგოები სუპერ პროფესიონალები, თავისი საქმის, მუსიკის დიდი მოყვარულები არიან. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ არ არის მათი ინტერვიუები, არ აქვთ თავიანთი თავის პოპულარიზაციის სურვილი, ამის ინტერესი არ აქვთ. მათი სურვილი თავიდანვე იყო არა პოპულარობა, არამედ შექმნა, გადმოცემა. ჩვენ ერთად უამრავი ძველი სიმღერა გავაცოცხლეთ და ჩვენი ინტერპრეტაციით გავაკეთეთ.
კახაბერ, ვისაუბროთ თქვენს ახალ ნამუშევარზე „ნარდანინა“.
ეს არის საკმაოდ ძველი, ლაზური სიმღერა. არქივში შემოინახა ინგლისელმა ჟურნალისტმა, რომელიც 60-იან წლებში იყო ჩამოსული. მერე, რამდენიმე მომღერალს, ანსამბლსაც შესრულებული აქვს ეს სიმღერა თავისი ვერსიით. ჩვენ ასევე გავამზადეთ ვოკალები, რომ სხვადასხვა დიჯეებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ვერსია გააკეთონ. ეს ვერსია, რომელიც დღეს დაპრემიერდება „Sxiio“ -მ აფრო ჰაუს მიმდინარეობაში გააკეთა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმდინარეობის, ქართული ელექტრო ფოლკის, ქართული ეთნო ჰაუსის შემქმნელი ვარ.
ჩვენი პირველი „განდაგანა“ დღემდე ტრიალებს, უკვე კლასიკად იქცა.
ყველაზე ძალიან ის მახარებს, რომ ჩვენი მსმენელი ყოველთვის მატულობს. ჩვენ გვისმენს 3 წლის ბავშვიც და 80 წლის ბებია-ბაბუაც.
კახაბერი & ხანუმები & Sxiio – „ნარდანინა“
გადაცემის ჩანაწერი