რადიო „არ დაიდარდოს“ მომღერალი ნათია ქველაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერის „ნახვამდის“ განახლებული ვერსია წარუდგინა. მომღერალმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და ახალი სიმღერა და ვიდეორგოლი დააანონსა.
ნათია, ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ნახვამდის“.
ეს სიმღერა ძალიან ადრე, დაახლოებით, 16 წლის ასაკში დავწერე. ტექსტიც და მუსიკაც მე მეკუთვნის. ახლა, ახლებური ვერსია ჩავწერე.
სიმღერის ძველი ვერსია პირველად მარინა იმედაძის გადაცემაში „მოტივი“ გაჟღერდა და სხვათა შორის, კვირის ათეულში პირველი ადგილი დაიკავა, იმდენად მოეწონა მსმენელს. იმის მერე რაღაცნაირად მიჩუმდა ეს სიმღერა. განახლებას საჭიროებდა. თაკო მელიქიშვილმა რომ მოისმინა ეს სიმღერა, იმდენად მოეწონა, მკითხა, ამის ახლებურ ვერსიას რატომ არ აკეთებ, ძალიან კარგი და მელოდიური სიმღერაა, რაღაცები რომ შეცვალო, ვფიქრობ, მსმენელს ძალიან მოეწონებაო. მეც დავუჯერე თაკოს. სიმღერა ცირასთან მივიტანე, რომ ახლებურად შეესხა მისთვის ფრთები. არსებობს სიმღერის ვიდეორგოლიც, რომელიც ჩემმა ქმარმა გადაიღო.
როგორია სამომავლო გეგმები?
ვწერ ახალ სიმღერებს. ერთ-ერთი უკვე მზადდება. ძალიან მინდა, რომ ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპი გადავიღო, ჯერჯერობით, არ დავაკონკრეტებ, რომელზე, სიურპრიზად დავტოვოთ.
ნათია ქველაძე – ნახვამდის
გადაცემის ჩანაწერი