9 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი გილიგაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „გავღმერთიანდეთ“ პრემიერა შედგა.
გიორგი, შენ ფაქტობრივად დაამარცხე ავთვისებიანი სიმსივნე… ალბათ, რთულია შენს განსაცდელზე საუბარი, მაგრამ მინდა, რომ ამ თემასაც შევეხოთ…
„ყველა განსაცდელს ღიმილით განვიცდი, მწამს, რომ ყოველი არს უფლის ნება. ჩვენ შევიყვაროთ, ნუღარ დავიცდით. ლაღი იქნება ხვალ გათენება“ – ეს ის პოეზიაა, რომელიც მამხნევებს და მაძლიერებს. მსურს, რომ ყველა ადამიანმა, რაც არ უნდა რთული იყოს განსაცდელი და ტკივილი, აღიქვას, როგორც უპირველესი ძღვენი უფლის, რადგან ჩვენ სიცოცხლე არ დაგვიმსახურებია, სიცოცხლემდე უბრალოდ იყო უფლის კეთილი ნება და ჩვენ გავჩნდით. მანამდე, ჩვენ ამ წუთისოფელში დაბადება, ესე სიცოცხლით, ღიმილით, თუნდაც ცრემლით, ჩვენ არ დაგვიმსახურებია. ასე რომ, თუ რამე განსაცდელი გადახდება ადამიანს, იცოდეთ, რომ მხოლოდ უფლის დაშვებით და მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდეს. ნამდვილად დიდება უფალს, ამას ნამდვილად არ ვიხსენებ არანაირი ტრაგიკული ემოციით, პირიქით… უფალმა შენზე დაუშვა განსაცდელი იმიტომ, რომ გენდობა, იცის, რომ არ გატყდები და უფლის მგმობი არ გახდები.
ვინ იყო შენს გვერდით იმ რთულ პერიოდში?
ყველა ჩემთან იყო. ვერ ვიფიქრებდი, ამხელა სიყვარული თუ შეიძლებოდა, მეხილა.
ახლა, ყველაფერი საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს ხომ?
კი, ღვთის წყალობით, აგერ უკვე მეორე წელია, არანაირი მეტასტაზური უჯრედი არ ისინჯება.
ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მძიმე სიმღერა…
„გავღმერთიანდეთ“ ასე ჰქვია ამ სიმღერას. მძიმეაო ასე მითხარი… „ტვირთი ჩემი ტკბილ არს და მსუბუქ“ – ამბობს უფალი. ღვთისმოსავი ადამიანისთვის ტვირთი ტკბილია და მსუბუქი. შენ შენს საზიდ ჯვარში ყოველთვის გეხმარება უფალი, თუ შენ სარწმუნოებით და სიყვარულით ხარ.
ამ სიმღერას „გავღმერთიანდეთ“ იმიტომ დაერქვა და დაედგა გვირგვინად, რომ მხოლოდ ამ სიტყვის ფიქრიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი სული სხვანაირად მოდრიკოს უფლის წინაშე და თავისი ხორცი სხვანაირად მოთოკოს. ეს სიმღერა მძიმესთან ერთად, ძალიან ტკბილია, რადგან არის ქადაგება. ძალიან საინტერესო გადაწყვეტაა, ქართული ფოლკლორის და ძველი თაობის ჰიპ ჰოპ კულტურის მუსიკალური ნაზავია. მე რეჩიტატივს ვკითხულობ, ძველი და ახალი აღთქმის შერწყმით. ჩემი გადმოსახედით, კვალზე დამყენებელი ქადაგება-სიმღერაა.
სიმღერა სტუდიაში „ჰეიმა“ ჩაიწერა. დიდი მადლობა ყველას, ადამიანთა დასი იყო ჩართული სიმღერის და ვიდეორგოლის შექმნაში.
ბოლოს, მინდა გკითხო, რამდენად შეიცვალე ამ განსაცდელის მერე?
ნამდვილად ვგრძნობ ცვლილებას. რაც არ უნდა მაგარი ბიჭი მგონებოდა თავი, ძალიან ბევრი ისეთი წუნი დავინახე, რასაც მანამდე ვერ ვხედავდი.
გიორგი გილიგაშვილი – გავღმერთიანდეთ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი გილიგაშვილი. ვიდეო კოლაჟი