12 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ზურაბ ჩინჩალაძე, თამაზ გველესიანი და ჯემალ ბერძენიშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა მსმენელს ახალი ერთობლივი ნამუშევარი წარუდგინეს და სიმღერის შექმნის იდეასა და ისტორიაზე ისაუბრეს.
ბატონო ჯემალ, ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, რომელსაც თქვენ ასრულებთ, რომლის მუსიკის ავტორიც ზურაბ ჩინჩალაძეა, ტექსტის კი – თამაზ გველესიანი.
ჯემალ ბერძენიშვილი: ზურა რომ იტყვის ამ სიმღერას მე არ ვიმღერებო, ბოლო ნოტა ჩემია ხოლმე, მე უარის თქმა არ ვიცი და გულით და სულით ვასრულებ ყველა სიმღერას.
ზურაბ ჩინჩალაძე: მე ხომ მომღერალი არ ვარ, მე ზოგიერთი სიმღერა მიხდება, ზოგი არ მიხდება. მე ხომ „რახრახა“ ხმა მაქვს და ჩემთვის სპეციალურად ვწერ ხოლმე ისეთ სიმღერებს, რომ მომიხდეს.
თამაზ გველესიანი: ამ ბოლო დროს, საქართველოს კუთხე-კუნჭულებზე ვწერე. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ქალებზე ვწერდი, მაგრამ ამ ქალებმა გამათეთრეს და შევიცვალე პროფილი (იცინის). რაც შეეხება სიმღერას, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, ეს შეკვეთილი ნამდვილად არ არის, მთელი გულით დავწერეთ. მივუძღვენით მესხეთს და იქ მყოფ პიროვნებას, რომელიც ძალიან გვიყვარს.
ზურაბ ჩინჩალაძე: მე ვთხოვე ბატონ თამაზს, რომ დაეწერა. ამ ზაფხულს გავიცანი ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულების გაერთიანების დირექტორი, გიორგი ჟუჟუნაძე. მე კიდევ ყველა ის ადამიანი მიყვარს, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს. მე არ ვიცოდი, თურმე, მესხური ხალიჩა ყველაზე ძვირფასი და განთქმული ყოფილა. ახლა ვიყავით მე და ბატონი თამაზი ჩასულები და ისეთი ნამუშევრები დაგვათვალიერებინა… იქ სკოლა აქვთ და ბავშვებს, ახალგაზრდა გოგონებს ასწავლიან ამ ტრადიციებს და ყველაზე ძალიან ეს მომწონს. მომინდა, რომ მისთვის დამეწერა სიმღერა. მე და თამაზმა მას მივუძღვენით ეს სიმღერა. ბატონმა თამაზმა ამ სიმღერისთვის სპეციალურად დაწერა ტექსტი.
გიორგი ჟუჟუნაძე: მადლობა ბატონ ზურაბს, ბატონ ჯემალს და ბატონ თამაზს, რომ მესხეთზე შექმნეს სიმღერა. ძალიან ბედნიერი ვარ.
ზურაბ ჩინჩალაძე: გიორგი, ძალიან მომწონს მომავალ თაობას ამ ლამაზი ხალიჩების ქსოვას, რომ ასწავლით. ორიოდე სიტყვით გვითხარი დედაზე.
გიორგი ჟუჟუნაძე: დედამ ბავშვობიდან დაიწყო მესხური ფარდაგ-ხალიჩების ქსოვა. დღესდღეობით, 91 წლის გახლავთ. ჩემთვის დიდი ბედნიერება და პატივია, რომ ისეთი დედა მყავს, რომელსაც „ცოცხალი საუნჯის ტიტული“, რომელიც საქართველოში არავის აქვს.
რაც შეეხებათ ბავშვებს, ძალიან ბევრი თაობა გვყავს გაზრდილი.
ჯემალ ბერძენიშვილი – ჩემი მესხეთ-ჯავახეთი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ზურა ჩინჩალაძე, ჯემალ ბერძენიშვილი & თამაზ გველესიანი. ვიდეოკოლაჟი