ესპანეთში მიღებულმა ახალმა კანონს ცხოველთა დაცვის შესახებ ფართო დისკუსია გამოიწვია. კანონმდებლობის მიხედვით, ძროხები, თხები და ცხვრები შინაურ ცხოველებად კლასიფიცირდნენ, მაშინ როცა ტალღოვანი თუთიყუშების, კუსა და ვიეტნამური ჯუჯა ღორების სახლში ყოლა აიკრძალა.
კანონის მიზანია ცხოველთა კეთილდღეობის დაცვა, ინვაზიური სახეობების გავრცელების პრევენცია და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუმცა კრიტიკოსები გადაწყვეტილებას არალოგიკურად მიიჩნევენ – მათი თქმით, გაუგებარია, რატომ ფართოვდება სოფლის მეურნეობის ცხოველების უფლებები, მაშინ როცა ფართოდ გავრცელებული შინაური ფრინველები და ცხოველები კანონგარეშე რჩებიან.
ახალი რეგულაციის თანახმად, შინაური ცხოველების სიაში ტრადიციული ძაღლებისა და კატების გარდა შევიდნენ ძროხები, თხები და ცხვრებიც. კანონმდებლები განმარტავენ, რომ ეს სახეობები ადამიანთან ისტორიულად ახლოს ცხოვრობდნენ და დიდი ხნის წინ არიან მოშინაურებულნი. შესაბამისად, ის ცხოველები, რომლებიც სამუშაოდ აღარ გამოიყენება, ფერმებში უნდა დარჩნენ და სიცოცხლის ბოლომდე შესაბამის პირობებში იცხოვრონ.
ცხოველთა უფლებადამცველები ამ ნაწილს დადებითად აფასებენ, თუმცა აკრძალული ცხოველების სია მათთვის პრობლემურია. ახალი კანონის მიხედვით, სახლის პირობებში აღარ შეიძლება ტალღოვანი თუთიყუშების, კუს, გეკონების, ბაყაყებისა და ჯუჯა ღორების შეძენა. უკვე არსებულ შინაურ ცხოველებს ოჯახებიდან არ გაიყვანენ, თუმცა მათი რეგისტრაცია სავალდებულო გახდება, ხოლო ახალი ცხოველების შეძენა აიკრძალება.

კანონის ავტორები აცხადებენ, რომ აკრძალული სახეობები შესაძლოა ეკოლოგიურ, სამედიცინო ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენდნენ – ისინი შეიძლება გაიქცნენ, დაავადებები გაავრცელონ ან ადგილობრივ ეკოსისტემებს ზიანი მიაყენონ.
ამასთან, ვეტერინარები, ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები და ცხოველების მფლობელები შიშობენ, რომ კანონის პრაქტიკული განხორციელება პრობლემური იქნება. რაც გულისხმობს – რეგისტრაციის ბიუროკრატიას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვებს და გაურკვევლობას იმ სახეობებთან დაკავშირებით, რომლებიც კანონში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. გარდა ამისა, არსებობს შიში, რომ აკრძალულ ცხოველებზე შავი ბაზარი გააქტიურდება.