ესპანეთში ამოქმედდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „კლიმატური თავშესაფრების“ სისტემა, რომელიც მოსახლეობასა და ტურისტებს ექსტრემალური სიცხისგან დაცვაში დაეხმარება.
ქსელში შედის სხვადასხვა საჯარო სივრცე – ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სპორტული კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და სხვა მუნიციპალური დაწესებულებები, სადაც დამონტაჟებულია კონდიცირების სისტემები. ვიზიტორებს ასევე უფასო სასმელი წყალი და დასასვენებელი სივრცეები ხვდებათ.
პროექტი პირველ რიგში განკუთვნილია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის – ხანდაზმულებისთვის, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და გულ-სისხლძარღვთა თუ სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, თუმცა თავშესაფრით სარგებლობა ტურისტებსაც შეუძლიათ.
განსაკუთრებით გამოირჩევა ბარსელონა, სადაც ქალაქმა დამატებით შექმნა „მიკროსადგურების“ ქსელი. ეს არის აფთიაქები, მცირე მაღაზიები და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც კლიმატურ თავშესაფრებამდე მისასვლელ გზაზე მდებარეობს. მათი განთავსება ისეა დაგეგმილი, რომ ადამიანებს ერთი უსაფრთხო წერტილიდან მეორემდე ფეხით მისასვლელად დაახლოებით 10 წუთზე მეტი არ დასჭირდეთ, რადგან ძლიერი სიცხის დროს ხანგრძლივი გადაადგილებაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ესპანეთის ხელისუფლებამ კლიმატური თავშესაფრების ეროვნული ქსელის შექმნის გადაწყვეტილება გასული წლის რეკორდულად ცხელი ზაფხულის შემდეგ მიიღო, როდესაც აგვისტოში 16 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 45°C-ს აღწევდა და ჯანმრთელობისთვის საშიშ დონედ ითვლებოდა.
მანამდე მსგავსი ინიციატივები უკვე მოქმედებდა კატალონიაში, ბასკეთის ავტონომიურ რეგიონსა და მურსიაში, თუმცა ახლა სისტემა ქვეყნის მასშტაბით ფართოვდება.
სპეციალისტების შეფასებით, თუ ექსტრემალური სიცხის ტალღები მომავალშიც გახშირდება, მსგავსი კლიმატური თავშესაფრები შესაძლოა ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა რუმინეთმაც – ივნისში ბუქარესტის მერიამ ანალოგიური ქსელის შექმნის პროექტი დაამტკიცა.