ევროკავშირის ქვეყნები ძალიან ახლოს არიან გენდერულ თანასწორობასთან კულტურის სექტორში დასაქმებულთა შორის.
ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატის“ უახლესი მონაცემებით, ამ სფეროში ქალებისა და მამაკაცების წილი თითქმის გათანაბრებულია – შესაბამისად, 50,4% და 49,6%. ათი წლის წინ განსხვავება 6.4 პროცენტი იყო, მამაკაცების სასარგებლოდ.
ევროკავშირის 16 ქვეყანაში, კულტურის სფეროში ქალები მამაკაცებს ჭარბობენ. ლიდერები ლატვია და ესტონეთი არიან, სადაც სხვაობა ქალების სასარგებლოდ 32.6%-ს და 24.2%-ს შეადგენს. ამავდროულად, 11 ქვეყანაში – მათ შორის ესპანეთსა და იტალიაში – კულტურის სფეროში მამაკაცები ჯერ კიდევ დაახლოებით 10%-იანი მაჩვენებლით ჭარბობენ.
თუმცა, დასაქმებულთა შორის მიღწეულმა ბალანსმა შემოსავლებში თანასწორობა ვერ დააფიქსირა. კულტურის სფეროში დასაქმებულ ქალებს ხშირად დაბალ ანაზღაურებად ჯგუფებში ათავსებენ. ამ სფეროში დასაქმებული ქალების 16.1% საშუალო საათობრივი ხელფასის ორ მესამედზე ნაკლებს იღებს, მაშინ როცა მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 11.2%-ია.
ყველაზე დიდი გენდერული განსხვავება ანაზღაურებაში პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში დაფიქსირდა: დაბალ ანაზღაურებადია ქალთა 25.9%, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში – 12.4%. ანალოგიური ვითარებაა კინოს, ტელე პროგრამების და მუსიკის ინდუსტრიაშიც.