ევროკავშირის საზღვარზე სიცრუის დეტექტორებს დაამონტაჟებენ. პროგრამა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმუშავებს, დასაწყისისთვის ლატვიის, საბერძნეთისა და უნგრეთის საპატრულო გამშვებ პუნქტებზე გამოჩნდება და მის ამუშავებას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება.
როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, ევროპის საზღვარს ყოველ წელს 700 მილიონზე მეტი ადამიანი კვეთს და თითოეული მგზავრის დოკუმენტაციის შემოწმება და მოგზაურობის მიზნების გარკვევა საკმაოდ რთულია. სიცრუის დეტექტორი კი ამ პროცესს ბევრად გაამარტივებს და საზღვრის გადაკვეთის დროც შემცირდება.
პროგრამა ტურისტის პასპორტსა და სხვა დოკუმენტაციას დაასკანერებს და შემდეგ კი მოგზაურობის მიზნებით დაინტერესდება. თუკი მგზავრი არ იტყუება და ყველა კითხვას გულწრფელად უპასუხებს, მაშინ პროგრამა მას გაუშვებს, ხოლო თუკი მისი პასუხები სიცრუედ აღიქმება, მაშინ საქმეში საზღვრის დაცვის სამსახური ჩაერთვება.