მადრიდის ”რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. როგორი ტრადიციული წინადადებაა, ალბათ ყველაზე გაცვეთილი ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. ”სამეფო კლუბი” უკვე მეთოთხმეტედ არის ჩემპიონთა თასის ფინალისტი და იქ თავს ისე გრძნობს როგორც საკუთარ დიდებულ სტადიონზე. ”სანტიაგო ბერნაბეუ” კიდევ ერთხელ გადაიქცა ულამაზეს სანახაობად, თუმცა თავად მატჩი ვერ გამოდგა ისეთი სასეირო როგორიც ლიგის ნახევარფინალს შეშვენის. მით უმეტეს თუ წინა დღის მეორე ნახევარფინალს შევადარებთ.
”სიტიზეც” უნდა ითქვას: ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვედრილი და საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ასე არ უნდა თამაშობდეს და აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ”სიტი” პირველად იყო ამ ეტაპზე გასული. ასეთ უნიათო გუნდს არაფერი ესაქმება. ციდან ვარსკვლავები არც ”რეალის” ვარსკვლავებს მოუწყვეტიათ, თუმცა მათ ეს არ დასჭირდათ, მადრიდელებმა მშვიდად მიიყვანეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე და ახლა მთავარ მატჩში მოსისხლე თანაქალაქელს შეხვდებიან, რომელიც ყველას და ყველაფერს სისხლს უშრობს.
თუმცა, ტრადიცია მაინც ტრადიციაა და უნდა ითქვას, რომ ფინალის თამაში ”რეალის” საქმე უფროა, მით უმეტეს გავიხსენოთ ორი წლის წინანდელი ფინალი, როდესაც ”რეალმა” იმავე ”ატლეტიკოს” სასწაულებრივ მოუგო. გეხსომებათ, მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე სერხიო რამოსმა გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
რა იქნება დამდეგ ფინალში: ”ატლეტიკო” მომწიფებულია ტიტულისთვის და ნამდვილად არ იქნება გასაკვირი ამ გუნდის წარმატება. წინ ძალიან საინტერესო ფინალი გველის, დანამდვილებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩემპიონთა თასი მადრიდში ჩავა.
მადრიდის “რეალი” მე-14-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში;
“რეალის” საშინაო სტატისტიკა ლიგაზე – 6 თამაში – 6 მოგება – ბურთები 19-0;
“რეალი” “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, 2014 წლის ფინალის რემატჩია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს მილანში, “სან სიროზე” გაიმართება: “ატლეტიკო” vs “რეალი”.
რეალი-სიტი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ფერნანდო (60 ს.კ.)
რეალი: ნავასი – კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო – მოდრიჩი (88. კოვაჩიჩი), კროოსი, ისკო (67. ხ. როდირგესი) – ბეილი, რონალდო, ხესე (56. ლ. ვასკესი)
სიტი: ჰარტი – სანია, კომპანი (10. მანგალა), ოტამენდი, კლიში – ფერნანდო, ფერნანდინიო – ნავასი (69. იჰეანაჩო), ტურე (61. სტერლინგი), დე ბრუინი – აგუერო
გაფრთხილება: ვასკესი – დე ბრუინი, ფერნანდო, ოტამენდი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 5-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 13-4 (6-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 76 000