LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ქართული გოლები დაგროვდა: ჩაკვეტაძემ დაიწყო, ოქრი ისევ დაიმტვრა

32

გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისი ახალი კლუბი, „გენტი“ პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) ლიდერს, „ბრიუგეს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
18 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი 83-ე წუთზე გამოჩნდა. ჩაკვეტაძე თავიდან „გენტის“ ახალგაზრდულ გუნდში ათამაშეს, სადაც თავი დუბლით გამოიჩინა.

 

მათე ვაწაძემ დანიის სუპერლიგის ლიდერთან გოლი გაიტანა. „სილკებორგმა“, სადაც, მასთან ერთად, დავით სხირტლაძე თამაშობს, ჩემპიონატის ლიდერი „ნორდსაელანდი“მიიღო.
ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაწაძე 63-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, 52-ე წუთზე კი გოლი გაიტანა და „სილკებორგი“ 2:0 დააწინაურა. თუმცა, მასპინძლებმა ათ წუთში ოთხი გოლი გაუშვეს და 2:4 დამარცხდნენ.
ვაწაძემ ბოლო ოთხ შეხვედრაში უკვე მეოთხე გოლი ჩაიწერა ანგარიშზე.

 

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ბერიძემ. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევმა თავი “ტრენჩინისა” და “ზლატე მორავცეს” მატჩში გამოიჩინა. თამაში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, ხოლო გიორგიმ 78-ე წუთზე სტუმართა რბევას წერტილი დაუსვა.
ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 10 შეხვედრაში 4 გოლია, მათ შორის სამი ბურთი უკანასკნელ ორ მატჩში გაიტანა.

 

“სან ხოსე ერსქვიქსის” შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში ერთ-ერთი ლიდერის “პორტლენდ ტიმბერსის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელმა მე-16 წუთზე მარცხენა ფლანგიდან მოხდენილი დარტყმით გამოიჩინა თავი. საბოლოოდ ვაკოს გუნდმა შინ 2:1 იმარჯვა.
ქართველმა ფეხბურთელმა ამერიკაში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა. ყაზაიშვილმა ამავდროულად ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ირაკლი სირბილაძემ დუბლი მიითვალა ფინეთში: კპვ-სა და “ეკენასის” შეხვედრაში (3:0). ქართველმა გუნდის რიგით პირველი და მესამე გოლები გაიტანა.

ესტონეთში ზაქარია ბეგლარიშვილის “ფლორამ” სტუმრად 2:2 დაასრულა მატჩი “ტულევიკთან”. ბეგლარიშვილმა ორჯერ დაარტყა პენალტი. პირველ ტაიმში გაიტანა, მეორე ნახევარში კი გააცუდა. ზაქარიას სეზონში 16 გოლი მოუგროვდა.

 

თორნიკე ოქრიაშვილი ისევ ტრავმირებულია. ქართველმა მარცხენა მუხლი “კრასნოდარისა” და “არსენალის” მატჩში დაიზიანა.
ოქრიაშვილი ტულის “არსენალთან” მატჩში 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და ზუსტად 8 წუთში დაშავდა.
შეგახსენებთ, თორნიკე ოქრიაშვილმა მუხლის მძიმე ტრავმის გამო 6 თვე უკვე გამოტოვა და მოედანს სულ რაღაც 2 კვირის წინ დაუბრუნდა.
თორნიკე უელსთან და სერბეთთან შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრებშიცაა გამოძახებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები