15 ევროპული სახელმწიფოს მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის შექმნა შეძლეს. სამხრეთ ევროპის ობსერვატორიის ინფორმაციით, ტელესკოპით გადაღებული სურათებით სამყაროს ოთხ განზომილებიანი გამოსახულების მიღებაა შესაძლებელი.
გამოცემა Eso. Org-ის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ტელესკოპის სამ ტონიანი ციფრული კამერის დამზადება იყო, რომელსაც უდიდესი ტევადობა აქვს. 3200 მეგაპიქსელიანი სენსორის წყალობით, ტელესკოპს გოლფის ბურთის დაფიქსირება 24 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.
ამ კამერის ექსპლუატაციაში ჩაშვებას თითქმის ორი ათწლეული დასჭირდა. ევროპელ მეცნიერებთან ერთად, სამუშაოებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ასეული მეცნიერი მონაწილეობდა. ტელესკოპი უკვე დამონტაჟებულია ჩილეს ობსერვატორიაში.
გარდა ამისა, ამ მასშტაბური აპარატისთვის მეცნიერებმა შეიმუშავეს სარკინიგზო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს გამოსახულების ოპტიმალურ სიზუსტეს – ამისათვის ტელესკოპის მასიური ობიექტივი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს სპეციალურ დანადგარში. ყველაზე უმცირესმა დაზიანებამაც კი (მაგალითად, მტვრის ნაწილაკმა) შეიძლება კოსმოსის სურათები გააფუჭოს. ამიტომ კამერის ტრანსპორტირებაც სპეციალურად მისთვის დამზადებული რელსებითაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია, რომლის წევრებიც 15 ევროპული სახელმწიფო და ბრაზილია არიან, 1962 წელს შეიქმნა. სამხრეთ ნახევარსფეროს არჩევა, სადაც განთავსებულია უმსხვილესი ტელესკოპები, განპირობებულია იმით, რომ მრავალი კოსმოსური ობიექტი – კერძოდ, მაგელანის ღრუბლები და ირმის ნახტომის ცენტრალური ნაწილი – მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩანს.