უეფას სუპერთასი მადრიდის „ატლეტიკომ“ მოიგო. ფინალში მან თანამემამულე „რეალი“ დაამარცხა და ამ გუნდს ბოლო-ბოლოს აართვა ეს ტროფეი. „სამეფო კლუბი“ ხომ სუპერთასს ბოლო სამი წელი იგებდა.
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, „ლე კოკ არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „რეალი“ ევროპის ლიგის ჩემპიონ „ატლეტიკოს“ შეხვდა.
ერთი საინტერესო ფაქტი:
ფინალამდე გამოცემა Marca-მ გამოაქვეყნა გუნდების ფეხბურთელების ღირებულება ბოლო ცხრა წლის განმავლობაში.
პირველად ისტორიაში ისე მოხდა, რომ “ატლეტიკოს” შემადგენლობა უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე “რეალის”.
ანგარიში 49-ე წამზე გაიხსნა და ეს იყო ყველაზე სწრაფი გოლი ტურნირის ისტორიაში – დიეგო კოშტამ ძალიან მახვილი კუთხიდან გაიტანა. „რეალმა“ ანგარიში პირველი ტაიმის შუაში გაათანაბრა, როცა ქარიმ ბენზემამ თავით შეაგდო გარეთ ბეილის ჩაწოდების შემდეგ.
63-ე წუთზე ხულენ ლოპეტეგის გუნდმა წინ გასვლა მოახერხა მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსმა პენალტი გამოიყენა. 16 წუთის შემდეგ, დიეგო კოშტამ დუბლი შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა – 2:2.
დამატებით დროში „ატლეტიკომ“ კიდევ ორჯერ გაიტანა – ჯერ საულ ნიგესმა გამოიყენა ტომას პარტეის პასი, შემდეგ კი კოკემ ვიტოლოს პასით აკურატულად დაარტყა – 4:2 „ატლეტიკოს“ სასარგებლოდ.
„რეალმა“ პირველად გაუშვა ერთ მატჩში ოთხი გოლი 2015 წლის 21 ნოემბრის შემდეგ. გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა ზინედინ ზიდანის გარეშე. ფრანგი სპეციალისტის პერიოდში მადრიდელებს ოთხი გოლი არასოდეს გაუშვიათ.
„ატლეტიკომ“ არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგო ევროპის სუპერთასი. მანამდე ამ გუნდმა თასი 2010 და 2012 წლებში მოიპოვა, როცა „ინტერი“ (2:0) და „ჩელსი“ (4:1) დაამარცხა.