90 წუთი, ორივე ტაიმი თანაბრად – ამას ქართული კლუბები კი არა, ნაკრებიც ვერ ახერხებს და ამიტომ საშუალო ევროპულ დონეზე წარმატების მიღწევა ჭირს. ძნელია „საბურთალოზე“ ძვირი სიტყვა დაგცდეს, მაგრამ მეორეს მხრივ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებია და ოდესმე თუ არ ავუწყვეთ ფეხი, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მარტო პირველი ეტაპის დაძლევა გაგვახარებს. მშვენივრად ითამაშა მატჩის დასაწყისი (ზოგადად პირველი ტაიმი) „საბურთალომ“, პრესინგიც იყო, შეტევაც, სისწრაფეც, ბურთის დროული ამოტანაც, მაგრამ თამაში მატჩის დასაწყისში არ მთავრდება და მეორე ტაიმში, როდესაც მეტოქე მოგვაწვა და მოუმატა, ჩვენებმა შეცდომებს უმატეს და არ ეყოთ ფიზიკა, რომ თამაში თანაბარად ჩაემთავრებინათ. შედეგიც შესაბამისია: მეორე ტაიმში გაშვებული ორი გოლი და ძალიან, ძალიან მიზერული შანსი.
თბილისი. “მიხეილ მესხი”
საბურთალო – დინამო (ზ) 0:2
გოლები: 0:1 ორსიჩი (67), 0:2 პეტკოვიჩი (78, პენ)
საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე (ცნობილაძე 82), ტერა (კაკუბავა 57), ალთუნაშვილი (გაბედავა 70), როლოვიჩი, კოხრეიძე
გიორგი ჭიაბრიშვილი:
“ასე დონეზე, ასეთ ლიგაში სტაბილურად წარმატებულ თამაშს გამოცდილება სჭირდება, რაც ჩემ გუნდს სამწუხაროდ ნაკლებად აქვს. შესაძლოა ორბურთიანი სხვაობით წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდია. მიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა, რომ რიგ მომენტებში ვაჯობეთ კიდეც. რომ გაგვმართლებოდა, ჩემი აზრით, შეხვედრას მოვიგებდით.
ნენად ბჟელიცა (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
“საბურთალომ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. თუმცა, მეორე ნახევარში დალაგება შევძელით და მოცემული შანსები გამოვიყენეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე გაკეთებულია. გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ და ბევრ ხარვეზზე გვაქვს აქცენტი გასაკეთებელი. იმედი მაქვს, მეორე შეხვედრაში უკეთ ვითამაშებთ.
განმეორებითი დაპირისპირება 30 ივლისს გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.