Fiat-ის ხელმძღვანელი ოლივიე ფრანსუა თანამდებობას 15 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვებს. მის ადგილს არნო ბელონი დაიკავებს, რომელიც 2023 წლის მაისიდან Renault Group-ის მარკეტინგის დირექტორად მუშაობდა.
ფრანსუა Fiat-ს 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ავტომობილების ინდუსტრიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა – მათ შორის Citroën-ში, Lancia-სა და Chrysler-ში. მოგვიანებით Fiat-ის ხელმძღვანელის პოზიციასთან ერთად Stellantis-ის მარკეტინგის მიმართულებასაც ხელმძღვანელობდა.
ბელონი ახალ თანამდებობაზე 1 სექტემბრიდან ოფიციალურად გადავიდა. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ის ფრანსუასთან ერთად იმუშავებს, რათა ხელმძღვანელობის ცვლილება შეუფერხებლად განხორციელდეს. ფრანსუა კი Stellantis-ში სტრატეგიული მრჩევლის პოზიციაზე დარჩება.
ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ Fiat-ს არ უხელმძღვანელებს – მისი პასუხისმგებლობის სფეროში ასევე შევა Abarth და Lancia. ბელონის კარიერა Stellantis-ის ჯგუფთანაც არის დაკავშირებული: Renault-ში გადასვლამდე ის ჯგუფში დაახლოებით 16 წლის განმავლობაში მუშაობდა.
Stellantis-ში საკადრო ცვლილებას კომპანიის ახალი სტრატეგიით ხსნიან. Fiat ოთხ მთავარ გლობალურ ბრენდს შორის მოხვდა Peugeot-ს, Jeep-სა და Ram-თან ერთად. ჯგუფის Fastlane 2030 სტრატეგია ათწლეულის ბოლომდე 100-ზე მეტი ახალი და განახლებული მოდელის გამოშვებას ითვალისწინებს.
ოლივიე ფრანსუას წასვლა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც Stellantis-ი ავტომობილების ბაზარზე რთულ ვითარებასთან გამკლავებას ცდილობს. კომპანიაზე გავლენას ახდენს ელექტრომობილების ბაზარზე არსებული ცვლილებები, მზარდი კონკურენცია და ევროპული ავტოინდუსტრიის საერთო გამოწვევები.