LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოლკლორისა და თანამედროვე ჟღერადობის სინთეზი პროექტში „ტრიამელი“ და „მანუს ბენდის“ დებიუტი: ჩვენს რეპერტუარში სევდიანი სიმღერა არ არსებობს…

140
მანუ-მურღულია

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მანუ მურღულია, ბუბა მურღულია და ნიკა წერეთელი სტუმრობდნენ. გადაცემაში პროექტის „ტრიამელი“ და „მანუს ბენდის“ პრეზენტაცია შედგა. სტუმრებმა მსმენელს ნამუშევრები „შემირიგდი, ლურჯი იები“ და „აჭარული“ წარუდგინეს.

ბუბა, ვისაუბროთ პროექტზე „ტრიამელი“, რომელიც ელექტრონულ მუსიკას და ქართულ ფოლკლორს აერთიანებს.

ბუბა: ჩვენი საერთო მეგობრის დაჟინებული თხოვნით მოხდა ჩემი და ნიკას მუსიკალური თანამშრომლობა. თავიდან რაღაცების მოსინჯვა დავიწყეთ, რადგან როცა ხალხურ სიმღერას ეხები, დიდი სიფრთხილე გმართებს. ნამუშევარი, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, ჩვენი მეორე კომპოზიციაა. პირველი კომპოზიცია, რაც ჩვენ შევქმენით, „My world“ იყო.

რატომ სახელწოდება „ტრიამელი“?

ბუბა: სახელწოდებაზე რამდენიმე კვირა ვფიქრობდით, გვინდოდა, რომ რამე ორიგინალური შეგვერჩია, თან უცხოელებისთვისაც ადვილი წარმოსათქმელი რომ ყოფილიყო, რადგან ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რომ ეს პროდუქტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ. ტრიამელი ეს არის ქართული სიტყვა და ფართო თვალსაწიერს ნიშნავს. სხვათა შორის, ნიკას იდეა იყო. თავიდან, დიდად ვერ მოვიხიბლე, მაგრამ მერე და მერე, აზრი რომ გავიგე, უფრო მომეწონა. ფართო თვალსაწიერი შეესაბამება ამ ჯგუფის საქმიანობას. ისედაც, ხალხურ სიმღერაზე ფართო თვალსაწიერი თუ არსებობს, ვერ გეტყვით და ამას დამატებული თანამედროვე ჟღერადობა, თანამედროვე მუსიკა…

ჯგუფში ოთხნი ვართ, ნიკა, მე, დავით ქავთარაძე და ლექსო ბირკაია. ესენი არიან შესანიშნავი მუსიკოსები, რომელთაც ყველა მიმართულება ზედმიწევნით კარგად ესმით.

რამდენ კომპოზიციას მოიცავს აღნიშნული პროექტი?

ბუბა: 10 კომპოზიცია უკვე მზად გვაქვს. სავარაუდოდ, სექტემბერში გავაკეთებთ დიდ პრეზენტაციას.

რომელ სტუდიაში იწერება თქვენი ნამუშევრები?

ნიკა: ჩემთან, სახლში მაქვს საკუთარი სტუდია.

მანუ, ვისაუბროთ შენს ბენდზე და შენს შემოქმედებაში არსებულ სიახლეებზე.

მანუ: ჩემი ბენდის ამბები სულ ახლახან დაიწყო. „მანუს ბენდი“ დავარქვი. ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ვიქოქებით. ვცდილობთ, პირველი ნაბიჯები გადავდგათ. მით უმეტეს, რომ ამ სფეროში, უკვე მაქვს გამოცდილება. ვცდილობთ, რომ კარგი პროექტი გამოგვივიდეს. ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი ბენდია, ამიტომ ვცდილობთ, რაღაცით გამორჩეულები ვიყოთ. რამდენად გამოგვივა, ეს მსმენელმა უნდა დაადასტუროს და პირველ რიგში, მათ უნდა მოეწონოთ ჩვენი ნამუშევრები. ბენდში 4 ადამიანი ვართ. სულ მინდოდა, ჩემი ბენდი მყოლოდა. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა პრეზენტაცია, პირველად წარვდექით მსმენელის წინაშე.

როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ და როგორი იყო მსმენელის რეაქცია?

მანუ: იცი, რა კარგი იყო?! ძალიან… პირველ რიგში, მე თვითონ გავერთე. ოთხი ბისი იყო, ბოლოს, მიხვდი, რომ მე თვითონ დავიღალე და გეხვეწებით, აღარ გვინდა, ოთხი ბისი მშვენიერი იყო-მეთქი. პრეზენტაციაზე ბარგით ვიყავით მისულები, რადგან შემდეგ, ბათუმში გვქონდა ჩვენი პირველი კონცერტი.

როგორია თქვენი რეპერტუარი?

მანუ: იმას ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს. სიმღერები ძირითადად ჩემი არჩეულია, მაგრამ ჩემს ბიჭებთან ერთადაც ძალიან ბევრ რაღაცას ვარჩევ, ბევრ ახალ რამეს ვაკეთებთ. ვერსიების შექმნაში ლუკა ქიტიაშვილი და შაკო ყარყარაშვილი მეხმარებიან. უმეტესად, ქართულ სიმღერებზე მაქვს გათვლა.

ძირითადად ქავერებზე მუშაობთ თუ გაქვთ საკუთარი რეპერტუარიც?

მანუ: პირადად შენთვის რომ შეიქმნას რამე, ამ ეტაპზე, ძალიან ძვირი ფუფუნებაა საქართველოში, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ აქამდე მისვლას, დრო უნდა. ჯერჯერობით, ძველ ქართულ სიმღერებს ვაახლებთ, ვაქართულებთ უცხოურ სიმღერებს. არც იმაში ვართ შეზღუდულები, რომ რამდენიმე სიმღერა გავაერთიანოთ. მაგალითად, ნამუშევარი, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, 2 სიმღერას აერთიანებს. რეალურად, მე როგორი ხასიათიც მაქვს, ეგეთები ვართ ბენდშიც, ძალიან მხიარულები, ანუ ჩვენს რეპერტუარში სევდიანი სიმღერა არ არსებობს. მე თვითონ არ მიყვარს სევდიანი სიმღერების ხშირად შესრულება.

რამდენი სიმღერა არის თქვენს რეპერტუარში?

მანუ: საკმაოდ დიდი რეპერტუარი გვაქვს. დაახლოებით, 40-მდე სიმღერა უკვე მზად არის. ისეთი სიმღერებია, ყველა ივენთს რომ დაამშვენებს.

ვისაუბროთ ნამუშევარზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

მანუ: სიმღერა „შემირიგდი“ ძალიან მიყვარს. ერთხელ, ბესო კალანდაძე იყო ჩვენთან გადაცემაში სტუმრად და ეს სიმღერა შეასრულა. გაგიკვირდებათ და მანამდე, ეს სიმღერა არ ვიცოდი. გავგიჟდი, გადავირიე და ჩავიხვიე, დღე და ღამე ვუსმენდი. კარგი, ხალისიანი სიმღერაა, მეც კარგად ვირგებ. „ლურჯი იებით ხელში“ გზადაგზა მივხვდით, რომ მოუხდებოდა და უცებ, კარგად შეერთდა. სიმღერა „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა.

მანუ მურღულია – შემირიგდი, ლურჯი იები

ტრიამელი – აჭარული

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მანუ მურღულია, ბუბა მურღულია & ნიკა წერეთელი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები