LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford–ის წარმატების საიდუმლო

344

Ford Otosan – თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტოსამშენებლო კომპანია, რომელიც Koc Holding-ისა და ამერიკული კორპორაციის Ford-ის კონგლომერატში შედის, დაარსდა 1959 წელს, არის Forbes Global 2000-ის სიაში, შტაბ-ბინა განლაგებულია ქალაქ იზმითში.

2013 წლის მონაცემებით Ford Otosan–ის წლიური ბრუნვა 5,5 მლრდ. დოლარს შეადგენს, აქტივები 2,6 მლრდ. დოლარს, ხოლო საბაზრო ღირებულება 4,5მლრ. დოლარია. კომპანიაში 6,6 ათასი ადამიანია დასაქმებული. ის აწარმოებს მსუბუქ ავტომობილებს, მცირელიტრაჟიან და მძიმე სატვირთო ტრანსპორტს და მათ სათადარიგო ნაწილებს. აქვს ორი საწარმო თურქეთში – იზმითში(ფორდ ტრანზიტის წარმოება) და ესკეშეჰირში(ფორდ კარგოს წარმოება), ამას გარდა სათადარიგო ნაწილების გამანაწილებელი ცენტრი და კვლევითი ცენტრი ქალაქ სტამბულში.

ეს, ის მწირი ინფორმაციაა, რომელსაც თურქული კომპანიის შესახებ სახელგანთქმული ვიკიპედია გვაწვდის, თუმცა აქ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორი კოსმოსური ტემპებით ვითარდება ზემოთხსენებული კონგლომერატი და რა დიდ წარმატებებს აღწევს ის ყოველდღიურად მსოფლიო ბაზარზე.

20-21 აპრილს, ქალაქ ანტალიაში Ford Otosan–ის ხელმძღვანელობამ, სრულიად ახალი, უკვე საკუთარი ძალებით შექმნილი დიზელის ძრავის, EcoTorq-ის პრეზენტაციასა და “ფორდ კარგოს” სხვადასხვა ტიპის სატვირთო ავტომობილების ტესტდრაივზე დაგვპატიჟა.

DSCF7315შეხვედრა, როგორც ყოველთვის, უმაღლეს დონეზე იყო მომზადებული. ჟურნალისტებს და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დილერებს თავისუფალი მუშაობის და მაქსიმალური ინფორმაციის მიღების საშუალება ქონდათ. პრეზენტაციაზე Ford Otosan–ის წარმომადგენლებმა მოკლედ მოგვითხრეს თუ რამხელა წარმატებებს მიაღწიეს ბოლო წლების განმავლობაში და რას აპირებენ უახლოეს მომავალში. ევროპის ტერიტორიაზე განლაგებული 50-მდე სერვის ცენტრი და წარმომადგენლობა ყოველდღიურად ემსახურება ასობით სატვირთო ავტომობილს. მსოფლიოს მასშტაბით მიმობნეული სადილერო ქსელი კი ახალი სატვირთოების გაყიდვაზე ზრუნავს.

მჭიდრო თანამშრომლობა მიდის წარმოების მხრითაც, როგორც სამხრეთ ამერიკის, ასევე ჩინეთის და ევროპის საამწყობო ქარხნებთან. მართალია რუსეთთან დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, დროებით შეჩერებულია იქ აშენებული თანამედროვე საწარმო, რომელმაც მხოლოდ 48 ავტომობილის წარმოება შეძლო, მაგრამ თურქები დანებებას არ აპირებენ და სიტუაციის გამოსწორებასთან ერთად წარმოებას ისევ განაახლებენ. რუსეთის სადილერო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და პირველ კვარტალში 17 ავტომობილიც კი გაყიდეს, თუმცა უახლოეს მომავალში ბაზრის უფრო გამოცოცხლებას ელიან. საქართთველოში Ford Otosan–ის ოფიციალური დილერი GT Group გახლავთ, რომელიც “ფორდის” სატვირთოებს ყიდის და სერვისსაც უზრუნველყოფს. მიუხედავად ქართული ბაზრის სიმცირისა, გასულ წელს კომპანიამ 20-მდე ავტომობილის გაყიდვა მაინც მოახერხა, ხოლო შემდეგი წლისთვის ახალი შოურუმისა და სერვის ცენტრის აშენებასაც აპირებს, რაც ანტალიის შეხვედრაზე თურქული მხრიდან დიდი სიხარულით დაანონსდა.

DSCF7362შეკრების მთავარი მიზეზი მაინც სრულიად ახალი და რაც თურქული მხარისთვის ყველაზე საამაყოა, საკუთარი ძალებით შექმნილი EcoTorq-ის ძრავების ახალი თაობა იყო. 9 და 13 ლიტრი მოცულობის აგრეგატები შესაბამისად 330, 420 და 480 ცხენისძალას ავითარებენ. გამოირჩევიან მაღალი მაბრუნი მომენტით და სოლიდური ეკონომიურობით. რაც მთავარია, ყველა ძრავა ევრო 6 სტანდარტს აკმაყოფილებს და ეკოლოგიის მხრივაც კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა. დახვეწილი გაგრილების სისტემა და გამონაბოლქვის რეცილკურაციის სარქველი ძრავას უფრო ეკონომიურს და ეკოლოგიურს ხდის. რაც მთავარია, თურქი სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აგრეგატი ძალზე სანდო და გამძლე იქნება.

ამ აგრეგატის შექმნაზე 750 ინჟინერი მუშაობდა, ჩაიდო 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია და სამუშაოები 4 წელიწადს მიმდინარეობდა. 2 მილიონ კილომეტრიანი ტესტირების შემდეგ ძრავა წარმოებაში ჩაეშვა. თურქულმა კომპანიამ მართლაც კოლოსალური შრომა გაწია და სასურველ შედეგსაც მიაღწია! დღესდღეობით Ford Otosan–ის პროდუქცია და სერვისი სრულიად პასუხობს მსოფლიო სტანდარტებს.

წარმატების საიდუმლო კი შემდგომში მდგომარეობს – თავდაუზოგავი შრომა და სწორად დასახული მიზნისკენ მართებული გზით შეუჩერებელი სვლა. კომპანიამ ბოლო 60 წლის მანძილზე რთული, მაგრამ საინტერესო გზა განვლო და საკმაოდ სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები