Ford-მა მიმდინარე წელს უკვე 105-ედ გამოაცხადა ავტომობილების გაწვევა. უკანასკნელმა კამპანიამ 355 656 ერთეული ახალი პიკაპი მოიცვა, მათ შორის F-150 (2025 წლის გამოშვება), ასევე F-250, F-350, F-450 და F-550 (2025–2026 წლების გამოშვება).
გამოწვევის მიზეზი გახდა ციფრული ინსტრუმენტული პანელის გაუმართაობა, რომელიც Visteon-ის მიერ არის წარმოებული. აშშ-ის ეროვნული საავტომობილო უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) ცნობით, პანელი შესაძლოა ძრავის გაშვებისას მწყობრიდან გამოვიდეს, რის გამოც ეკრანზე არ გამოჩნდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია – მაგალითად, სიჩქარე ან გამაფრთხილებელი სიგნალები. ეს კი ავარიის რისკს ზრდის.
პრობლემა გამოსწორდება უფასო, უკაბელო პროგრამული განახლების გზით. სურვილის შემთხვევაში მფლობელებს შეუძლიათ Ford-ის სერვისცენტრებსაც მიმართონ.
Carscoops-ის ინფორმაციით, კომპანიამ პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ მაისში იცოდა, პირველი საჩივარი კი იანვარში მიიღო. ივნისისთვის მინიმუმ 96 შემთხვევა დაგროვდა. მიუხედავად ამისა, Ford-ს ავარიებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.