გასულ თვეში ამერიკული არლინგტონის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ქალაქის ქუჩებში უპილოტო ავტომობილი შენიშნეს. აღმოჩნდა, რომ საჭესთან სინამდვილეში ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მას საავტომობილო სავარძლის მსგავსი კოსტიუმი ეცვა, რისი მიზანიც უპილოტო ავტომობილის ქუჩაში გამოჩენისას ადამიანების რეაქციის კვლევა იყო. დღეს კი საავტომობილო მწარმოებელი Ford უჩვეულო ექსპერიმენტის შესახებ საუბრობს. კომპანიამ არა მხოლოდ ქვეითებისა და სხვა მძღოლების რეაქცია შეისწავლა, არამედ სიგნალების სისტემაც გამოსცადა, რომლის საშუალებითაც უპილოტო ავტომობილები გარშემომყოფებს მომავალი მოქმედებების შესახებ ამცნობენ.
სატესტო მინივენ Ford Transit Connect–ს შეუძლია ქვეითებს სამი ტიპის სინათლის სიგნალი მისცეს. შუაში მანათობელი ზოლი ნიშნავს, რომ ავტომობილი ავტონომიურ რეჟიმში მოძრაობს, თუკი ავტომობილი გაჩერებას აპირებს, ზოლები გვერდებიდან ცენტრისკენ ციმციმს იწყებს. სინათლის სწრაფი ციმციმი კი ნიშნავს, რომ ავტომობილი მალე დაიძვრება.
ამ დროისათვის, Ford ადამიანებისა და უპილოტო ავტომობილების „ურთიერთობების“ ერთიანი სტანდარტების შემუშავებაში იღებს მონაწილეობას.