გერმანულმა ტიუნინგ-ატელიე Mansory-მ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი წარმოადგინა – საფუძვლიანად გადაკეთებული Mercedes-AMG G 63, რომელმაც Mansory P720-ის სახელწოდება მიიღო.
ახალი ვერსიის ყველაზე თვალშისაცემი დეტალი მისი ოქროსფერი დიზაინია. SUV-ის თითქმის ყველა გარე ელემენტი, მათ შორის ძარის პანელები, აეროდინამიკური კომპლექტი და დისკები, მქრქალი ოქროსფერი საღებავითაა დაფარული.
ავტომობილმა ახალი ბამპერები, გადაკეთებული რადიატორის ცხაური, გაფართოებული საბურავის თაღები, დამატებითი ჰაერის შემყვანები და სახურავზე განთავსებული LED განათების პანელი მიიღო. დიზაინს აგრესიულ იერს ანიჭებს ასევე უკანა ნაწილში დამონტაჟებული სპოილერის მსგავსი ელემენტი.

ინტერიერიც სრულად განახლებულია და ექსტერიერის ფერთა გამას ეხმიანება. სალონში გამოყენებულია ქვიშისფერი პრემიუმ ტყავი, ხოლო ჭერზე და კარის პანელებზე ე.წ. „ვარსკვლავიანი ცის“ LED-განათებაა ინტეგრირებული. საინტერესო დეტალია ძრავის გაშვების ღილაკიც, რომელიც ავიაციის სტილში ჭერზეა გადატანილი.
ტექნიკური გაუმჯობესების შედეგად 4.0 ლიტრიანი V8 ბიტურბო ძრავის სიმძლავრე 720 ცხენის ძალამდე, ხოლო მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 1000 ნიუტონ/მეტრამდე გაიზარდა. სწორედ ამ მონაცემს უკავშირდება მოდელის სახელწოდებაში გამოყენებული ინდექსი P720.

Mansory-ს ჯერ არ დაუკონკრეტებია ავტომობილის ფასი, თუმცა მსგავსი ექსკლუზიური პროექტები, როგორც წესი, ასეულობით ათასი ევრო ღირს და ინდივიდუალური შეკვეთით მზადდება.

ეს არ არის პირველი ექსტრავაგანტური G-Class, რომელიც ატელიემ წელს წარმოადგინა, რამდენიმე კვირის წინ Mansory-მ ორკარიანი კაბრიოლეტი G-Class-იც წარადგინა, რომლის ძრავის სიმძლავრე 820 ცხენის ძალამდე იყო გაზრდილი.