კომპანია Toyota-მ წარმოადგინა ჰოთ-ჰეჩის GR Yaris-ის ლიმიტირებული ვერსია, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრენდის მორიგ გამარჯვებას ეძღვნება. სპეციალური მოდელის – Sébastien Ogier 9x World Champion Edition – შექმნაში მონაწილეობა მიიღო ქარხნული გუნდის პილოტმა სებასტიან ოჟიემ, რომელმაც 2025 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მეცხრედ მოიპოვა.
ლიმიტირებული სპორტქარის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინი ასახავს ჩემპიონის ესთეტიკურ გემოვნებას. სამკარიან ავტომობილს შეღებავენ სპეციალურ ფერში Gravity Black, იმავე ფერის დისკებით და თემატური სტიკერებით. სამუხრუჭე სისტემა ლურჯი იქნება, ხოლო რადიატორის ბადეზე საფრანგეთის დროშა განთავსდება. სალონში დამონტაჟდება ვერტიკალური „ხელის მუხრუჭი“ და შემცირებული დიამეტრის საჭე.

სპეც-ვერსიის სრულამძრავიან სისტემას დაემატა ახალი რეჟიმი სახელწოდებით Seb, რომელიც სებასტიან ოჟიეს მონაწილეობით დაიხვეწა და მორგებულია მისი მართვის სტილზე. ამ რეჟიმში ბრუნვის განაწილება ხდება 40:60 თანაფარდობით, რაც GR Yaris-ს ნაწილობრივ უკანაამძრავიანი ავტომობილის ხასიათს აძლევს. რეჟიმი Seb ჩაანაცვლებს სტანდარტულ Track რეჟიმს. გარდა ამისა, ლიმიტირებულ ვერსიაში Gravel რეჟიმის ნაცვლად გამოიყენება Morizo, რომელიც კონცერნის ხელმძღვანელის, აკიო ტოიოდას მონაწილეობით შეიქმნა.

ძრავის ცვლილებებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ფოტოების მიხედვით, „ჩემპიონის“ GR Yaris მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფით იქნება ხელმისაწვდომი. 2024 წლიდან მოდელი აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 304 ცხენის ძალას და 400 ნიუტონ-მეტრს.

იაპონიის შიდა ბაზრისთვის დამზადდება 100 ეგზემპლარი, რომელთა შეძენის უფლება ლატარიის გზით გათამაშდება. კიდევ დაახლოებით 100 ავტომობილის გაყიდვას Toyota ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გეგმავს.