LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული კოცნა: ბარსელონას ჩემპიონებში არაფერი ესაქმება

30

დაიწყო, მაგრამ როგორ დაიწყო: ჩემპიონთა ლიგა განახლდა და პირველსავე გასროლაზე მთავარი ფავორიტი სასიკვდილოდ გაიმეტა. მესის და სხვა მაგარი ბიჭების „ბარსელონა“ პარიზში უშანსოდ დაეცა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლას გამოეთიშა. 0:4 ის ანგარიშია, რომელსაც ასეთ ეტაპზე და ასეთ გუნდთან (პსჟ) ვერავინ ამოქაჩავს. პარიზულმა გრანდმა ამდენწლიანი წვალების შემდეგ მიაღწია იმას, რასაც მისი არაბი პატრონები ესწრაფვიან. ტიტულამდე ჯერ ძალიან შორია და წინ კიდევ ბევრი დიდი მეტოქე შემოხვდებათ, მაგრამ ფრანგებს ისეთი თამაში გამოუვიდათ, რომ მუდმივად იამაყებენ.

მთავარი ფიგურა ანხელ დი მარია იყო, ვისაც დაბადების დღე ქონდა და ამაზე საოცარ საჩუქარს საკუთარ თავს ვერც გაუკეთებდა. მან ჯერ ეფექტურად შეასრულა ჯარიმა, ხოლო მეორე ტაიმში კარგად დაინახა გახსნილი კუთხე და ცაციით ლამაზად ჩაახვია ბურთი ბადეში.
დი მარიას ამ ორ გოლს შორის იყო დრაქსლერის გაბრწყინება იყო, ბოლოს კი წერტილი ედინსონ კავანიმ დასვა.

პსჟ-ბარსელონა 4:0

გოლები: 1:0 დი მარია (18), 2:0 დრაქსლერი (40), 3:0 დი მარია (55), 4:0 კავანი (72)

პსჟ (4-2-3-1): ტრაპი – მენიე, მარკინიუში, კიმპემბე, კურსავა – ვერატი (69. ნკუნკუ), რაბიო – დი მარია (61. ლუკასი), მატუიდი, დრაქსლერი (86. პასტორე) – კავანი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა – ანდრე გომესი (58. რაფინია), ბუსკეტსი, ინიესტა (72. რაკიტიჩი) – მესი, ნეიმარი, სუარესი.

ყველაფერი წინ არის და „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაირკვევა გამარჯვებული საინტერესო წყვილში „ბენფიკასა“ და „ბორუსიას“ შორის.
ლისაბონის “ეშტადიუ და ლუშზე” სტუმრებს ჰქონდათ უპირატესობა – ბურთის ფლობა, კარში დარტყმები, სახიფათო მომენტები… გერმანელები ფრეს მაინც იმსახურებდნენ. მეტიც, ობამეიანგმა პენალტიც ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ შეცდა სტუმართა მეკარე რომან ბურკი, როდესაც აღებული ბურთი ხელიდან გაუვარდა და პირდაპირ მიართვა მიტროღლუს. ამიტომაც 1:0 „ბენფიკას“ სასარგებლოდ.

 

ბენფიკა-დორტმუნდი 1:0
გოლი: 1:0 მიტროღლუ (48)

ბენფიკა (4-4-2): ედერსონი – სემედუ, ლუიზაო, ნილსონ-ლინდელიოფი, ელიზეუ – სალვიო, პიცი, ფეისა, კარილიო (46. აუგუსტო) – სილვა (67. ჩერვი), მიტროღლუ (75. ხიმენესი).

დორტმუნდი (5-3-2): ბურკი – პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, შმელცერი, დურმი – დემბელე, ვაიგლი, გერეირო (82. კასტრო) – როისი (82. პაშალიჩი), ობამეიანგი (62. შიურლე).
გამოუყენებელი პენალტი: ობამეიანგი (58. დორტმუნდი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები