LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავწყვიტე, რომ ფართო აუდიტორიაზე გამომეტანა ჩემი მუსიკა… ამ სიმღერისთვის ისეთი გუნდი შეიკრიბა, რომ იმედი მაქვს, მსმენელს ძალიან მოეწონება“ – მორის ვარდუაშვილი

642
მორის ვარდუაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ მორის ვარდუაშვილი და ბექა ბროლაძე სტუმრობდნენ. ეთერში მორის ვარდუაშვილის სიმღერის „შენთან მინდა“ პრემიერა შედგა.

მორის, ვინაიდან პირველად გამოგაქვთ თქვენი სიმღერა ფართო აუდიტორიის წინაშე, პირველ რიგში, თქვენს შესახებ მოგვიყევით, როდიდან მღერით?

მორისი: მართალია, პირველად გადავდგი ეს ნაბიჯი და ეს პირველი სიმღერაა, ზოგადად, კლასიკური მუსიკალური განათლება მაქვს, დაახლოებით, 4 წლიდან ვუკრავ და ბავშვობიდან ვმღერი. შემდეგ, ჩემი ცხოვრება და პროფესია სხვა მიმართულებით განვითარდა, მაგრამ მუსიკასთან შეხება არ შემიწყვეტია. ასე ვთქვათ, მუსიკით ვცხოვრობ. ბოლოს, მაინც გადავწყვიტე, რომ ფართო აუდიტორიაზე გამომეტანა ჩემი მუსიკა. ბექა ბროლაძის დაჟინებული თხოვნით და ხვეწნით გადავწყვიტე სიმღერის გაკეთება. ამ სიმღერისთვის ისეთი გუნდი შეიკრიბა, რომ იმედი მაქვს, მსმენელს ძალიან მოეწონება. ეს სიმღერა ძალიან ნიჭიერმა კომპოზიტორმა, მაიკო კაჭკაჭიშვილმა დაწერა, მას ეკუთვნის ტექსტიც. არანჟირება ბორიკო შხიანისაა. მასტერინგი ალეკო ბერძენიშვილმა გააკეთა. სიმღერა „ბრავო რექორდს“-ში ჩაიწერა. ძალიან დიდი მადლობა მთელ ამ გუნდს, ასევე ბექას, რომელმაც სული ჩაუდგა ამ პროექტს და ქეთი ორჯონიკიძეს, რომელმაც მუსიკალურად დიდი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში.

ბექა: ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გვერდში დგომისთვის. როდესაც სიმღერა დავიწყე, ჩემთვისაც ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, რადიო სიხშირეები დიდი სიყვარულით, მონდომებით და პატივისცემით რომ მედგნენ გვერდით. ძალიან მიხარია, რომ ეს სულის კვეთება ძალიან დიდი იყო მორისის შემთხვევაშიც. მორისი იმდენად დიდი მუსიკოსია და იმდენად დიდი „ბექგრაუნდი“ აქვს, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკის მიმართულებით, რომ ვფიქრობ, სასიმღერო კარიერაშიც ძალიან დიდი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია.

ბექა, როგორ დაიყოლიე მორისი, რომ სიმღერა ჩაეწერა?

ბექა: ძალიან რთულად. ზოგადად, მორისი მაქსიმალისტი ადამიანია, ამიტომ რასაც გააკეთებს უკიდეგანოდ მაღალი ხარისხი უნდა იყოს. მაიკო კი ზუსტად მიხვდა მორისის შინაგან განწყობას. თან, მორისის შემთხვევაში არც თუ ისე სასიამოვნო ისტორიას უკავშირდება ეს სიმღერა, რადგან ძალიან დიდ ტკივილს უკავშირდება, მაიკომ კი ძალიან სწორად და ძალიან მაღალ ხარისხში გადმოსცა ეს ემოცია. მთელმა გუნდმა ძალიან მაღალ ხარისხში იმუშავა. დარწმუნებული ვარ, ყველას გულზე მოხვდება ეს სიმღერა.  

მორის ვარდუაშვილი – შენთან მინდა

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები