ფეხბურთელმა პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა თხოვა ტანსაცმლის გარეშე გადაღებული ფოტო გაეგზავნა.
ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა ნაკრების მწვრთნელი ლუიჯი პესკაროლო გადააყენა და ზედ მისი შტაბის ორი წევრიც მიაყოლა სექსუალური შევიწროების ბრალდების შემდეგ.
La Republica-ის ცნობით, პესკაროლომ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სასამართლოში იქით იჩივლებს. წყაროს მონაცემებით, მწვრთნელზე საჩივარი პიჩინჩის პროვინციის პროკურატურაში ნაკრების ერთ-ერთი წევრისგან შევიდა, რომლის სახელი არ ხმაურდება. მოთამაშის სიტყვებით, პესკაროლომ თხოვა შიშველი ფოტოს გაგზავნა, ასევე ვარჯიშისას მის ოთახში შევლა.
„საჩივარი ძალიან სერიოზულ ფაქტებს შეიცავს“, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
მანამდე ჟურნალისტმა კელი ტენანტმა სასამართლოს მიმართა საკალათბურთო „საკრამენტოს“ მწვრთნელის გამო. მიზეზი აქაც სექსუალური შევიწროებაა.
ხოლო ახალგაზრდული „ნიუკასლის“ მწვრთნელი რასიზმის გამოვლენის გამო გაუშვეს.