ავსტრიელმა ჟურნალისტმა და განძის მაძიებელმა ბურჰარტ ლისტმა უნგრელი კოლექციონერის ფერენც ჰატვანის საგანძურს მიაგნო. გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, უნიკალური კოლექცია ფერენცს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა მოჰპარეს.
75 წლის ლისტის აზრით, უნიკალური კოლექცია მოიცავდა 800-მდე ნახატს, მათ შორის ფრანგი იმპრესიონისტების – პისაროს, კურბეს, სეზანის, დეგასა და მანეს ნამუშევრებს. დიდი ხნის განმავლობაში ლეგენდარული შედევრების ბედი გაურკვეველი იყო. არსებობდა ვარაუდი, რომ კოლექცია ომის დროს საერთოდ განადგურდა კიდეც.
The Times-თან ინტერვიუში ავსტრიელმა განძის მაძიებელმა განაცხადა, რომ მიწისქვეშა საცავს ერთ-ერთი გერმანული სოფლის სიახლოვეს მიაგნო. რეგიონში მიწისქვეშა სამუშაოები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან დაიწყო, ამიტომ მიმალული გვირაბები მრავლად შემორჩა. ლისტიც დარწმუნებულია, რომ საგანძური 30-40 მეტრის სიღრმეშია გადანახული. ექსპერტის აზრით, იქვე იმალება ებრაელებისთვის ჩამორთმეული ძვირფასეულობაც.
ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ნაცისტებმა საგანძური ამ ადგილას მატარებლებით მიიტანეს. მას გათხრების დაწყება სურდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამისი ნებართვა ვერ მიიღო. საქმე ისაა, რომ ამავე ტერიტორიაზე იპოვეს ქვის ხანის იარაღები და ამიტომ იქაურობა კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდა.