გარგარი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალურ წყაროს წარმოადგენს. ის შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას) ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს (კალიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი), A, C, PP და B ჯგუფის ვიტამინებს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამ ნაერთთა ბუნებრივი კომბინაციის წყალობით გარგარს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს.
გარგარის კანი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი. განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი ხილი, ოღონდ ის გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს. მწიფე, საღი ნაყოფი ხავერდოვანი, არომატული და მკვრივია. რბილობის ფერი ბაცი ყვითლიდან მკვეთრ ნარინჯისფრამდე ვარირებს (რაც უფრო მეტია კაროტინის შემცველობა, მით უფრო ინტენსიურია შეფერილობა). გარგარი ცუდად ინახება და მალე ფუჭდება. უმჯობესია შეინახოთ არა მაცივარში, არამედ ოთახის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, თანაც არა თასით, არამედ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ერთ წყებად განლაგებული.
გარგარის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი. ის ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს. კაროტინის მაღალი შემცველობის გამო რეკომენდებულია მისი ჩართვა ბავშვთა რაციონში. გარგარის ჩირი და წვენი ძალიან სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და ორსულთათვის. გარგარი აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს ტვინის აქტივობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია გონებრივი სამუშაოთი დატვირთული ადამიანებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. შაქრის მაღალი შემცველობის გამო გარგარი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ასევე, მაღალი მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტისა და სიმსუქნის დროს. გარგარი ხელს უწყობს ბავშვის ზრდას. ის ასევე სასარგებლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის, კანისა და თვალის ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს. გარგარში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების სათითაოდ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ დადებითი თვისებების გამო ის კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენება – განსაკუთრებით მალამოებისა და კრემების დამზადებისას.
გარგარის ჩირიც ძალიან სასარგებლოა და მთელი წელი შესანიშნავად ინახება. გარგარის ნაყოფისგან ამზადებენ კომპოტს, მურაბას, წვენს, ჟელეს, ჯემს, გულსართს ნამცხვრებისთვის. ტკბილ კურკას ხშირად იყენებენ ნუშის ნაცვლად. აღმოსავლურ სამზარეულოში პოპულარულია გარგარის ჩირით შეკაზმული კერძები. გარგარის გემო უხდება ინდაურის, იხვის, ცხვრისა და ღორის ხორცს. თუ გარგარის მურაბას ან კონფიტიურს ხარშავთ, ხილთან ერთად მოხარშეთ გარჩეული კურკის გულიც, დამტვრეული ნაჭუჭი კი მოათავსეთ დოლბანდში და ჩააგდეთ ადუღებულ მურაბაში – პროდუქტი მკვეთრ გემოს მიიღებს. ჩაციებულ ვარდისფერ ღვინოსთან ერთად, შეიძლება სუფრასთან მიიტანოთ მაყალზე შემწვარი ქათმის ნაჭრებში გახვეული გარგარის ჩირი – ის ნამდვილი დელიკატესია.