LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გატუტიანება

138
გატუტიანება

ადგილმდებარეობის მიხედვით კენჭი შეიძლება იყოს თირკმლის, შარდსაწვეთის ან შარდის ბუშტის.  ყველაზე ხშირად ისინი საშუალო და უფროსი ასაკის პირებს უვითარდება. ის უფრო ხშირია მამაკაცებში. კენჭები ზომით განსხვავებულია და შეიძლება იყოს იმდენად მცირე, რომ თვალით არც კი ჩანდეს ან მისი დიამეტრი 2,5 სმ-ს და მეტსაც აღწევდეს. ე.წ. მარჯნისებრი კენჭი შეიძლება თირკმლის მთელ მენჯსა და ფიალებს ავსებდეს. როცა კენჭები საშარდე გზებს ხანგრძლივად ახშობს, შარდი უკან მიედინება თირკმლის მილაკებში, წნევას ზრდის მასში და თირკმლის გაჭიმვას, გაფართოებას იწვევს. სიმპტომებიდან აღსანიშნავია გულისრევა და ღებინება, მოუსვენრობა, ოფლიანობა და სისხლიანი შარდვა. ადამიანს შეიძლება ხშირად აწუხებდეს მოშარდვის სურვილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა კენჭი შარდსაწვეთის გასწვრივ მოძრაობს. ზოგჯერ შემცივნება, მაღალი ტემპერატურა და მუცლის შებერილობაც ვითარდება.

ზოგჯერ, სიმპტომები და გასინჯვის შედეგები იმდენად კარგად მიანიშნებს კენჭის არსებობაზე, რომ დამატებითი კვლევები საჭირო არც არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს ადრეც ჰქონია ეს პრობლემა. ზოგადად, საუკეთესო კვლევაა სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერების გარეშე. მისი საშუალებით შეიძლება ზუსტად განისაზღვროს კენჭის მდებარეობა და საშარდე გზების დახშობის ხარისხი. როცა კენჭის არსებობა დადგენილია, ექიმი სპეციფიკურ ანალიზებს ატარებს კენჭის ტიპის დასადგენად. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ გამოდევნილი კენჭი შეინახოს. არსებობს სპეციალური ფილტრებიც, რომელშიც შარდი გადის და კენჭი ზედ რჩება, შემდეგ კი გამოსაკვლევად იგზავნება. კენჭის ტიპის დადგენის შემდეგ შეიძლება შარდის ანალიზის, აგრეთვე, სისხლის ბიოქიმიური და ჰორმონული ანალიზების გაკეთება გახდეს საჭირო.

შარდმჟავას კენჭები შარდის მაღალი მჟავიანობის დროს წარმოიქმნება. შესაბამისად, საჭიროა შარდის გატუტიანება, რაც კალიუმის ნიტრატის მიღებით ხერხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად სითხის დიდი რაოდენობის მიღება. თირკმლის მენჯში ან შარდსაწვეთის ზედა ნაწილში მოთავსებული ერთი სანტიმეტრის ან უფრო მცირე დიამეტრის კენჭის დაშლა ბგერითი ტალღების მეშვეობითაა შესაძლებელი. პატარა კენჭები, რომლებიც შარდსაწვეთის ქვედა ნაწილებშია და მკურნალობას საჭიროებს, შეიძლება სპეციალური დრეკადი ენდოსკოპით – ურეტეროსკოპით გამოიღონ. იგი შარდსადენისა და შარდის ბუშტის გავლით შეჰყავთ საჭირო ადგილას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები