LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზაფხულზე თბილისში ველოტრასები მოეწყობა

22

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში დედაქალაქში, ველობილიკების მოწყობის პროექტს ამუშავებენ.

უახლოეს მომავალში, ქალაქში 25–მდე უფასო ველოსადგომიც დამონტაჟდება, ძირითადად ისეთ ლოკაციებზე, რომლებიც გარე კამერების ხედვის არეალშია.

როგორც “ფორტუნას” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა მირიან ლებანიძემ განუცხადა, რამდენიმე მარშრუტის პროექტი მზადაა. პირველ რიგში კი მუშავდება მარშრუტი– დედაენის ბაღიდან ბაგრატიონის ხიდამდე და წრიულად, (მტვრის ორივე მხარეს) კვლავ დედაენის ბაღამდე.

ამ მარშუტის პრაქტიკაში განხორციელება უკვე გაზაფხულზე იგეგმება. ველოტრასები ტროტუარის ნაწილში მოეწყობა.

“ველოტრასების მარშრუტებზე, მერიის სხვადასხვა სამსახური მუშაობს. ჩვენ ვამუშავებთ ამ კონკრეტულ მარშრუტს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ერთად ვგეგმავთ სხვადასხვა კამპანიებს. თბილისის ინფრასტრუქტურა ამ დროისთვის ველოსიპედებისთვის ადაპტირებული საერთოდ არ არის. ჩვენმა სამსახურმა თავად დავტესტეთ ეს მარშრუტი. საუბარია იმაზე, რომ ინფრასტრუქტურა ველოსიპედისტისთვის უნდ აიყოს უსაფრთხო და ამასთან, ველოსიპედით მოსიარულე ქვეითისთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ასეთ დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა”, – განაცხადა მირიან ლებანიძემ “ფორტუნასთან”.

მისივე თქმით, თბილისის ინფრასტრუქტურის პირობებში ველობილიკის მოწყობა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა.

აღნიშნული მარშრუტის მოწყობის შემდეგ, მერია მოსახლეობის დაინტერესებიდან გამომდინარე სხვა ველომარშრუტებზეც იმუშავებს.

“ფორტუნა” ერთ–ერთ ველომოყვარულ ლუკა კირკიტაძესაც დაუკავშირდა, რომელიც ველოტრასების მოწყობის მომხრეა. თუმცა, ლუკას თქმით, ამ ტრასის მეშვეობით, ველოსიპედს როგორც ტრანსპორტს მაინც ვერ გამოიყენებს.

“ამ მარშრუტით სამსახურში წასვლას ვერ მოვახერხებ ველოსიპედით. ვერც ამ მარშრუტამდე მივალ ველოსიპედით უსაფრთხოდ. შესაბამისად პრობლემა, ამ ტრანსპორტით ქალაქში გადაადგილებისა, კვლავ პრობლემად დარჩება. ამასთან, თუ ველოტრასები ტროტუარებზე უნდა განთავსდეს, პირველ რიგში ტროტუარებიდან ავტომობილების ჩამოყვანაზე უნდა იზრუნოს მერიამ, რომ იქ ჯერ ქვეითების და შემდეგ ჩვენთვის ადგილი გაჩნდეს. ახლა ტროტუარზე ყველაგან ავტომობილს შეხვდებით, ასეთ პირობებში ველობილიკზე გადაადგილებაც შეუძლებელი გახდება”, – განაცადა ლუკა კირკიტაძემ “ფორტუნასთან”.

რთულია, იმ ქვეყანაში, სადაც ფეხით მოსიარულეებისთვის ადგილი არ არის, ველოტრასებზე საუბარი, თუმცა აღსანიშნავია, რომ თბილისის ავტომობილებისგან განსატვირთად მერიას ბევრი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. მათ შორის: ავტომობილების იმპორტზე აქციზის ზრდა, ავტომობილზე ქონების გადასახადის დაწესება, საწვავის აქციზის ზრდა, ტროტუარებზე პარკინგის გაუქმება და ა.შ.

ამ ყველაფრის განხორციელების შემდეგ, ველოსიპედზე, როგორც ქალაქში გადასაადგილებელ კომფორტულ სატრანსპორტო საშუალებაზე საუბარი, უფრო რეალური იქნება.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები