ამერიკული საავტომობილო კონცერნი General Motors-ი აშშ-ის ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილების შეთავაზების გაფართოებას გეგმავს. გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როდესაც ამერიკელი მომხმარებლების ინტერესი სრულად ელექტრო ავტომობილების მიმართ შესუსტდა, ჰიბრიდებზე კი მოთხოვნა გაიზარდა. ამ ტენდენციით უკვე სარგებლობენ იაპონური მწარმოებლები Toyota და Honda, რომლებიც მომხმარებლებს ჰიბრიდების ფართო არჩევანს სთავაზობენ.
GM-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ ანდერსონმა, დაადასტურა, რომ ჰიბრიდები კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის. მისი თქმით, ავტომწარმოებელი ყურადღებით აკვირდება მომხმარებელთა მოთხოვნებს და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას შეძლებისდაგვარად სწრაფად აპირებს. ამასთან, ანდერსონს კონკრეტული მოდელები და მათი ბაზარზე გამოჩენის ზუსტი ვადები არ დაუსახელებია.
GM-ი აშშ-ის ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილების მიმართულებით კონკურენტებს ჩამორჩა. კომპანია 2019 წელს Chevrolet Volt-ის წარმოების შეწყვეტის შემდეგ ძირითადად სრულად ელექტრო ავტომობილებსა და ტრადიციული შიდა წვის ძრავებით აღჭურვილ მოდელებზე იყო ორიენტირებული. ამჟამად ჰიბრიდული ტექნოლოგია მისი მოდელების მხოლოდ შეზღუდულ ნაწილში გვხვდება.

კომპანიის სტრატეგიის გადახედვას ბაზარზე არსებული ცვლილებები განაპირობებს. აშშ-ში ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები მეორე კვარტალში წლიურად 23%-ით გაიზარდა, ხოლო ბაზრის წილმა რეკორდულ 16,3%-ს მიაღწია. ამავე დროს, მომხმარებლების ინტერესი ელექტრომობილების მიმართ შესუსტდა, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფო წახალისების ნაწილის გაუქმებაც.
GM-ის კონკურენტებისთვის ჰიბრიდები უკვე მნიშვნელოვანი ზრდის წყაროა. Toyota და Honda მომხმარებლებს სთავაზობენ ავტომობილებს, რომლებიც საწვავის ეკონომიურობას ელექტროძრავის გამოყენებასთან აერთიანებს, თუმცა დამუხტვის სადგურებზე სრულად დამოკიდებული არ არის. ეს განსაკუთრებით მიმზიდველია იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც ელექტრომობილზე გადასვლა ჯერ არ სურთ.
გავრცელებული ცნობების თანახმად, GM-ის ერთ-ერთი პირველი ახალი ჰიბრიდი შესაძლოა ბაზარზე უკვე 2027 წელს გამოჩნდეს და ელექტროძრავით დაახლოებით 100 კილომეტრის გავლა შეეძლოს. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის და კომპანიას მოდელის შესახებ დეტალები ჯერ არ გაუმჟღავნებია.