გერმანიაში ევროკავშირის მხარდაჭერით მეცნიერები 3D პრინტერის ტექნოლოგიით შექმნილ წამლებს ტესტავენ. მათი მიზანი – მედიკამენტების მიღების პროცესის გამარტივებაა, განსაკუთრებით კი მძიმედ დაავადებული ბავშვებისთვის, წერს Turkmen portal-ი.
ბევრი წამალი, რომლის მიღებაც ბავშვებს უწევთ, მწარე ან ძალიან დიდია და პატარებს მათი გადაყლაპვა უჭირთ. მათ ნაცვლად ბავშვებისთვის დაბეჭდეს ინდივიდუალური საღეჭი აბები, რომლებიც ერთი შეხედვით ჟელეს ტკბილეულს ჰგავს. წამლებს ჟოლოს სუნი აქვთ, ხოლო მათი ფორმის შეცვლა ბეჭდვის დროსაა შესაძლებელი – სურვილის შემთხვევაში გულის, ვარსკვლავის ან ჩვეულებრივი წრის ფორმის მიცემა.
ბეჭდვის შემდეგ წამლები ხარისხთან შესაბამისობისთვის მკაცრ შემოწმებას გადიან.
ქიმიოთერაპიის პირველი კურსის დროს ბავშვები ჩვეულებრივ წამლებს იღებენ, მეორე ეტაპის დროს კი 3D პრინტერზე დაბეჭდილს. კვლევები 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი წამლები შესაძლოა ზრდასრულებისთვისაც ძალიან სასარგებლო იყოს, მაგალითად პარკინსონით ან დემენციით დაავადებულთათვის, რომლებსაც წამლის ზომის ან უსიამოვნო გემოს გამო მისი მიღება ასევე უჭირთ.