გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ქვეყანამ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდა.
”ვიდრე 2012 წელს სპორტული სააგენტო ISL ფაილებს მომაწვდიდა, მჯეროდა, რომ გერმანიამ პატიოსნად იბრძოლა, გაიმარჯვა და მსოფლიო პირველობის მასპინძლობის უფლებაც დამსახურებულად მიენიჭა. თუმცა ამ მასალების და მსხვილი თანხების გადარიცხვებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ეჭვი გამიჩნდა. მე ახსნა მოვითხოვე, თუმცა პასუხები აქამდე არ მიმიღია. მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ DFB-მ (Deutscher Fußball-Bund – გერმანიის საფეხბურთო ასოციაცია) ყატარის ემირის დახმარებით მიიღო ევრო 2004-ის ტრანსლირების უფლება ბინ ჰამამის კომპანიისთვის, ეჭვებიც გაქრა და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არანაირი პატიოსანი ბრძოლა არ ყოფილა.
ბინ ჰამამმა ხმა ჩვენ მოგვცა და გარდა ამისა, გერმანიას კიდევ რამდენიმე ხმა მოუტანა. სანაცვლოდ მან საკმაოდ დიდი თანხის გადახდა და ევრო 2004-ის ტრანსლირების უფლება მოითხოვა. ყველა იმ დოკუმენტზე დაყრდნობით, რასაც გავეცანი, არანაირი ეჭვი არ რჩება იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიამ ხმები იყიდა და ფიფას ეს კორუმპირებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდა”, – განუცხადა ტეო ცვანციგერმა გერმანულ გამოცემა Bild-ს.
გერმანიამ მსოფლიოს 2006 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2000 წლის ზაფხულში მოიპოვა და ერთი ხმით აჯობა სამხერეთ აფრიკის რესპუბლიკას.
ტეო ცვანციგერი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციას 2004-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.