გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, არქეოლოგებმა უნიკალური არტეფაქტი აღმოაჩინეს – „მაცივარი“, რომელიც 2000 წლის წინ რომაელებმა შექმნეს. ის ძველი რომის სამხედრო ბაზის, ალისოს, ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს იპოვეს. Ancient origins-ის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომაული ნაგებობა იყო.
ასეთი „გამაგრილებელ ორმოებს“ იმპერიაში მალფუჭებადი საკვების შესანახად იყენებდნენ, იქნებოდა ეს – ყველი, ხორცი, ღვინო თუ ხილი. ორმოს მიწაში თხრიდნენ, შემდეგ კი შიგნით აგურებითა და თიხით ფარავდნენ, რაც სტაბილურ, გრილ ტემპერატურას უზრუნველყოფდა.
იტალიაში, სადაც კლიმატი გაცილებით თბილი იყო, რომაელები ვილების ქვეშ სარდაფებს ან საცავებს ჰიპოკაუსტის დახმარებით აშენებდნენ – გათბობის სისტემებით, რომლებიც ცხელ სეზონზე ცივ ჰაერს აფრქვევდნენ. მაგრამ ჩრდილოეთ პროვინციებში – მაგალითად, გერმანიაში, კლიმატი ბევრად ცივი იყო, ამიტომ „მაცივრისთვის“ ორმო სრულებით საკმარისი იყო.
არქეოლოგების მიერ ნაპოვნი „მაცივარიც“იმავე პრინციპითაა მოწყობილი.
რა ინახებოდა ამ „მაცივარში“? არქეოლოგებმა ღვინის ქილები და ბრინჯაოს კოვზი ნახეს, რაც მისი მფლობელის მაღალ სოციალურ სტატუსზე მიუთითებდა.
არქეოლოგების შეფასებით, რომაული ინოვაციები მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლებოდა და პროვინციებამდეც აღწევდა. გერმანიაში აღმოჩენილი არტეფაქტი აჩვენებს, თუ როგორ ცხოვრობდნენ რომაელი ჯარისკაცები – არა მხოლოდ როგორ იბრძოდნენ და აშენებდნენ, არამედ როგორ ჭამდნენ, სვამდნენ და ადაპტირდებოდნენ იმპერიის საზღვრებში.