გერმანულმა სტარტაპმა ფეხბურთის მოედნებისთვის ახალი ტიპის საფარი შეიმუშავა, რომელიც ტრადიციულ ხელოვნურ გაზონთან შედარებით სრულად ეკოლოგიურია.
ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნურ საფეხბურთო მინდვრებზე ხშირად გამოიყენება ძველი ავტომობილების საბურავებისგან დამზადებული, წვრილ პლასტიკურ გრანულებად დაფქული მასალა. ეს გრანულები აუმჯობესებს დარტყმის შთანთქმას და ამცირებს ტრავმების რისკს, თუმცა ისინი ხშირად სცდება მოედნის ფარგლებს, ხვდება გარემოში და არ იშლება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ ზიანს აყენებს ბუნებას.
სტარტაპის მიერ შექმნილი ახალი შემავსებელი მასალა მზადდება განახლებადი ნედლეულისგან, არის სრულად ბიოდეგრადირებადი და დაშლის საბოლოო ეტაპზე გარდაიქმნება ნახშირორჟანგად და წყლად. მისი წარმოებისთვის გამოიყენება კარტოფილის კანი, სიმინდის სახამებელი, შაქარი და ხის ჩიფსები.
მცენარეულ საფუძველზე შექმნილი ეს საფარი აკმაყოფილებს ფიფას (FIFA) – ფეხბურთის მსოფლიო ასოციაციის, უმაღლეს სტანდარტებს.
ამჟამად საფარს საცდელად იყენებს ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები. სტარტაპი იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი ეკოლოგიური საფარი გერმანიის სტადიონების უმეტესობაზე დაინერგება.
