ღორის გრიპი საკმაოდ გავრცელებული ვირუსია, რომლითაც ავადდებიან როგორც უფროსები, ისე ბავშვები. ძირითადი სიმპტომებია: ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე; გულისრევა, პირღებინება (რომელიც არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან) მაღალი ტემპერატურის ფონზე, დიარეა. დაავადებას თან ახლავს თვითშეგრძნების გაუარესება, ძილიანობა, სისუსტე, მოდუნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. რესპირატორული სიმპტომები გამოხატულია ხველით, ყელში ფხაჭნის შეგრძნებით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით. ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც გრიპის განვითარებაზე მიგვანიშნებს, არის მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, რომელსაც გარკვეული თავისებურებები ახასიათებს: ტკივილი შუბლის არეში, ტკივილი ძლიერდება ამ არეში კუნთების მოძრაობისას. ასევე აღინიშნება თვალის კაკლების ტკივილი თვალების მოძრაობისას. მძიმედ მიმდინარე ღორის გრიპს თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა.
H1N1 გრიპის ყველაზე საშიში გართულებაა პირველადი პნევმონია.
პირველადი პნევმონია ღორის გრიპის დროს განსაკუთრებულად საშიშია. იგი დაავადების დაწყებიდან 2-3 დღეში ვითარდება და ხასიათდება სუნთქვის უკმარისობით, სუნთქვის გახშირებით 2-3 ჯერ ნორმასთან შედარებით. აღინიშნება ჟანგბადის უკმარისობის ნიშნებიც, ქოშინი, მშრალი ხველა მცირე რაოდენობით გამჭვირვალე ნახველით. გრიპის განვითარებას მოწმობს: სუნთქვის გახშირება, კანის მოლურჯო ელფერი; ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდში; ძილიანობა, მოდუნება, თავბრუსხვევა და ზოგჯერ ცნობიერების დარღვევის ეპიზოდები; განმეორებითი ღებინება ადრეული ასაკის პაციენტებში.
თუ ღორის გრიპი ემართება ადამიანს, რომელიც არ არის რისკ-ჯგუფში და დროულად იწყება მკურნალობა, უმრავლეს შემთხვევაში დაავადება გართულების გარეშე მიმდინარეობს. H1N1 გრიპის დროს: აუცილებელია წოლითი რეჟიმი დაავადების მიმდინარეობისას, უნდა შეიზღუდოს კონტაქტები, ეს აუცილებელია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, აუცილებელია კვების სრულფასოვანი რეჟიმი, რაციონი უნდა შეიცავდეს ადვილად ათვისებად ცილებს, უნდა გამოირიცხოს ცხიმოვანი, შემწვარი, ცხარე საკვები, კონსერვირებული პროდუქტი, ნახევარფაბრიკატები და სწრაფი კვების პროდუქტები; საჭიროა შენობის ხშირი განიავება; ანტივირუსული პრეპარატები აუცილებელია H1N1 გრიპის დიაგნოსტირებისას ან მასზე ეჭვის შემთხვევაში მომატებული რისკის მქონე პაციენტებში. ძირითადად კი ინიშნება სიმპტომური მკურნალობა, სიცხის დამწევები, ტკივილგამაყუჩებლები, ცხვირის წვეთები, ნახველის გამათხელებლები.