ჯგუფ „მგზავრების“ წარმატებების შესახებ, რომლებიც მათ უკრაინასა და რუსეთში აქვთ, ალბათ ნაკლებად გსმენიათ. არადა, ბიჭები ბოლო რამდენიმე წელია, კონცერტებით ამ ორ ქვეყანაში აქტიურად დადიან, ორივეგან საპროდიუსერო კომპანიებთან თანამშრომლობენ და უამრავ დროს ჩემოდნებზე ატარებენ. მათი სიმღერები რადიოეთერებში ჟღერს, „наше радио“-ს ეთერში კი მათი სამი, ორი ქართულენოვანი და ერთიც, ნიკო გომელაურის რუსულ ლექსზე შექმნილი სიმღერა ტრიალებს, თანაც, მუდმივად ჩარტებში მოწინავე პოზიციებს იკავებს.
9 ოქტომბრიდან „მგზავრებს“ ეწყებათ ტურნე რუსეთის ქალაქებში, მათ შორისაა მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ჩელიაბინსკი, ომსკი და ა.შ. შემდეგ ჯგუფის წევრები 4 დღეს დაისვენებენ და უკრაინაში ორკვირიანი ტურნეთი გაემგზავრებიან.
როგორც „მგზავრების“ ლიდერის, გიგი დედალამაზიშვილის დედამ, მუსიკოსმა ციცი ფალავანდიშვილმა გვითხრა, ჯგუფს „წლის აღმოჩენა“ უწოდეს. კონცერტებზე უამრავი თაყვანისმცემელი ხვდებათ და ჰყავთ ფანკლუბი, რომელიც მათ ყველა კონცერტს ესწრება, მათ შორის საქართველოშიც. „ამას წინათ, გიგის დაურეკეს, ბეზრუკოვი თამაშობს ახალ ფილმში და თქვენი ორი სიმღერა გვინდა საუნდტრეკებადო. წარმოიდგინეთ, გიგის რა დაემართა, როდესაც გაიგო, რომ ეს სწორედ ის ფილმი იყო, სადაც კოტე თოლორდავამ ბოლო როლი შეასრულა… გიგის სხვა წინადადებებიც აქვს, კინომუსიკის შექმნაზე, მაგრამ ამბობს, რომ ამ მიმართულებით არ მუშაობს, თუ სურთ, რომელიმე უკვე შექმნილი სიმღერის აღება, პრობლემა არ არისო“ – ამბობს ციცი ფალავანდიშვილი და დასძენს, რომ 2014 წელს ВДНХ-ზე კონცერტზე, რომელსაც 30 000 ადამიანი დაესწრო, გიგიმ მთელ დარბაზს ქართული სიმღერა შეასრულებინა.
როგორც შევიტყვეთ, „მგზავრებს“ ძალიან უნდათ ალბომის ჩაწერა და ოთხი ახალი სიმღერაც აქვთ. თუმცა ამ ეტაპზე გიგი საკმაოდ დაკავებულია. ბინა შეიძინა, არემონტებს და თან, ყველაზე მთავარი ცხოვრებისეული მოვლენისთვის ემზადება, ის და მარინა კარპი პირველ შვილს ელოდებიან.
„გოგონას ველოდებით, ლიზის დავარქმევთ. დეკემბრის ათიდან უკვე მოლოდინში ვართ“ – ამბობს ციცი ფალავანდიშვილი, – „გიგის უნდა, რომ მარინას სიურპრიზი გაუკეთოს და ბინას თავად არემონტებს. ის მეცამეტე სართულზეა და ამდენი სირბილით კიბეებზე, გიგიმ ღიპი დააგდო, სამაგიეროდ, მარინა გვყავს ღიპიანი (იღიმის). მარინა ძალიან აქტიურად ცხოვრობს და საქართველოს პოპულარიზაციისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრს აკეთებს. ახლა დაგეგმილი აქვს ტურნე, რუსი და უკრაინელი სტუმრებისთვის, სახელად „გაიცანი საქართველო“.